ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული პირი, 22 წლის ტაილერ რობინსონი დაკავებულია.

სამართალდამცველების ცნობით, რობინსონი იუტას შტატის ციხეში გირაოს შესაძლებლობის გარეშე, რამდენიმე ბრალდებით იმყოფება, მათ შორის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის.

სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელების თქმით, რობინსონი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ფოტოებზე საკუთარმა მამამ იცნო, რომელმაც შვილს მკვლელობის აღიარებისკენ მოუწოდა. რობინსონმა დანაშაული თავდაპირველად უარყო, შემდეგ კი აღიარა, რის შემდეგაც მამამ მას ჩაბარება ურჩია, თუმცა, რობინსონმა უარი თქვა. ამის შემდეგ ბრალდებულის მამა ოჯახის მეგობარ პასტორს დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაცია სამართალდამცველებს შეატყობინა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამართალდამცველებმა ასევე იპოვეს კირკის მკვლელობაში გამოყენებული შაშხანა და ვაზნები გრავირებული წარწერებით – "ჰეი, ფაშისტებო, დამიჭირეთ", "ბელა ჩაო" და "თუ ამას კითხულობ, გეი ხარ".

CNN-ის ინფორმაციით, რობინსონი პარტიული კუთვნილების გარეშეა რეგისტრირებული და უკანასკნელ ორ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, როგორც იუტას გუბერნატორმა, სპენსერ კოქსმა პრესკონფერენციის დროს აღნიშნა, ბრალდებულის ოჯახის წევრის თქმით, ტაილერი "უკანასკნელ წლებში პოლიტიკით უფრო მეტად დაინტერესდა და ჩარლი კირკს ხშირად აკრიტიკებდა". კოქსის თქმით, ერთ-ერთ ოჯახის წევრთან საუბრის დროს რობინსონმა თქვა, რომ "კირკი სიძულვილით იყო სავსე და სიძულვილს ავრცელებდა".

ამასთან, იუტას გუბერნატორის თქმით, ვაზნებზე აღმოჩენილი ანტი-ფაშისტური წარწერები მიანიშნებს, რომ ადგილი ჰქონდა "პოლიტიკურ მკვლელობას".

10 სექტემბერს ჩარლი კირკი Utah Valley-ს უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღით ყელის არეში დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

tabula.ge