დასრულდა უეფა-ს ერთა ლიგის 2024-25 წლების გათამაშება. „ოთხთა ფინალის“ გადამწყვეტ მატჩში მიუნხენის „ალიანც არენაზე“ ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებები ხვდებოდნენ ერთმანეთს. ფინალში გამარჯვებული ნებისმიერ შემთხვევაში ამ ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი გახდებოდა, რადგან ორივეს აქამდე თითოჯერ ჰქონდა მოგებული ერთა ლიგა.

პირველ ტაიმში მაყურებელმა სამი გოლი იხილა. ანგარიში 21-ე წუთზე მარტინ სუბიმენდიმ გახსნა. მან ისარგებლა პორტუგალიელთა დაბნეულობით საკუთარ საჯარიმოში და ბურთი ხელსაყრელ სიტუაციაში მიიღო.

პორტუგალიელებმა 26-ე წუთზე გაათანაბრეს, როცა „პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა, ნუნუ მენდეშმა პირველი გოლი გაიტანა სანაკრებო დონეზე.

ესპანეთი ტაიმის დასასრულს ისევ გავიდა წინ. პედრიმ რეიდის შემდეგ ეფექტური პასი მისცა მიკელ ოიარსაბალს, რომელმაც აჯობა წინ გამოსულ მეკარეს.

61-ე წუთზე პორტუგალიამ მეორედ გაათანაბრა. ნაკრებში 138-ე გოლი გაიტანა კრიშტიანო რონალდომ, რომელსაც ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი რიკოშეტით მიუვიდა მეკარის საჯარიმოში და თითქმოს ცარიელ კარში შეაგდო.

ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა არც ძირითად დროში და არც დამატებითში – 2:2.

ასე რომ, ისევე როგორც ერთა ლიგის წინა გათამაშებაში, ამჯერადაც ყველაფერი პენალტების სერიამ გაარკვია. ორი წლის წინ ესპანეთმა 11-მეტრიანებით ხორვატიას აჯობა. ამჯერად ესპანელებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა ალვარო მორატას გაფუჭებული პენალტი, პორტუგალიამ კი ხუთიდან ხუთი გაიტანა და მეორედ გახდა ერთა ლიგის გამარჯვებული.

1tv.ge