პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი აცხადებს, რომ „დიდი მხარდამჭერია პოლონეთის ბირთვულ პროექტში გაწევრიანების“ და ქვეყანამ „ეს გზა უნდა აირჩიოს“.
„ეს გზა, ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით, არის გზა, რომლითაც უნდა წავიდეთ. საჭიროა ამ მიმართულებით მოქმედება, რათა მუშაობის დაწყება შევძლოთ. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის საზღვარზე მდებარეობს. ცნობილია, როგორი დამოკიდებულება აქვს აგრესიულ, იმპერიულ რუსეთის ფედერაციას პოლონეთის მიმართ“, – განაცხადა ნავროცკიმ.
ნავროცკიმ აღნიშნა, რომ არ იცის, განხორციელდება თუ არა ეს საერთოდ, თუმცა მხარს უჭერს პოლონეთის უსაფრთხოების გაძლიერებას, „თუნდაც ბირთვულ პოტენციალზე დაყრდნობით“.
კითხვაზე, როგორი შეიძლება იყოს მოსკოვის რეაქცია იმ შემთხვევაში, თუ პოლონეთი ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას დაიწყებს, ნავროცკიმ უპასუხა, რომ „რუსეთს შეუძლია აგრესიულად რეაგირება ყველაფერზე“.
ცნობისთვის, პოლონეთმა არაერთხელ განაცხადა მზადყოფნის შესახებ, სულ მცირე, საკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს ამერიკული ბირთვული იარაღი. კერძოდ, ასეთი წინადადება ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ 2025 წლის გაზაფხულზე წამოაყენა. მაშინ დუდამ აშშ-ს მოუწოდა, პოლონეთის ტერიტორიაზე გადაეტანა ბირთვული ქობინები, როგორც რუსეთის აგრესიის შემაკავებელი ფაქტორი.