სამშაბათს, 29 აპრილს, ვაშინგტონმა პოლონეთისთვის 1,33 მილიარდი დოლარის (1,17 მილიარდი ევრო) ღირებულების საშუალო რადიუსის „ჰაერი-ჰაერის“ კლასის 400 რაკეტის მიყიდვა დაამტკიცა.
„ეს შენაძენი გააძლიერებს პოლონეთის უნარს, გაუმკლავდეს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს, საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფის კუთხით, ასევე მნიშვნელოვნად გაზრდის პოლონეთის წვლილს ნატოს საჭიროებების დაკმაყოფილებაში“, - ნათქვამია აშშ-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტოს (DSCA) განცხადებაში.
„ამ კლასის რაკეტების პოლონეთისთვის მიყიდვა შეესაბამება აშშ-ს საგარეო პოლიტიკას და ეროვნული უსაფრთხოების მიზნებს, რადგან ნატო-ს წევრი ქვეყნის უსაფრთხოებას და ევროპაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას ემსახურება“, - დასძენს ამერიკული სააგენტო.
მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტი რაკეტების გაყიდვის ნებართვას გასცემს, ეს სამხედრო გარიგება აშშ-ს კონგრესმა უნდა დაამტკიცოს, რაც ფორმალობას წარმოადგენს.
ბოლო წლებში ვარშავამ თავისი არმიის მოდერნიზება მოახდინა და ეს პროცესი უკრაინაში რუსეთის შეჭრამ დააჩქარა.
ამასთან, კიევისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების უმეტესი ნაწილის მიწოდება სწორედ პოლონეთის გავლით ხორციელდება.
პოლონეთი სამხედრო ტექნიკის მსხვილ, მრავალმილიარდ დოლარიან შესყიდვებს, ძირითადად, შეერთებული შტატებიდან და სამხრეთ კორეიდან აწარმოებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ვარშავამ აშშ-ს მოთხოვნა გაითვალისწინა და პირობა დადო, რომ მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ზე მეტს თავდაცვისთვის გამოყოფს.
წყარო: 1 არხი