სამედიცინო ტექნოლოგიებზე სპეციალიზებული ჰოლანდიური კომპანია Philips, უკრაინაში ომის მიუხედავად, რუსეთს ჰოსპიტალური აღჭურვილობის მიწოდებას გააგრძელებს. ამის შესახებ Reuters-ი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის როი ჯეიკობსის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
„ჯანმრთელობის უფლება საყოველთაოა და ჩვენ ვართ იმ სისტემის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს ჯანდაცვას. ჩვენ ამას ვაკეთებთ როგორც რუსეთში, ასევე უკრაინაში“, - თქვა ჯეიკობსმა კომპანიის აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე ამსტერდამში.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, Philips-ის საქმიანობა რუსეთში ორიენტირებულია საავადმყოფოს აღჭურვილობის მომსახურებასა და მიწოდებაზე. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ქვეყანაში პირადი მოვლის საშუალებების გაყიდვა შეწყვიტა, გარდა სამშობიარო პროდუქტებისა.
მან დასძინა, რომ რუსეთში საქმიანობა კომპანიისთვის მომგებიანი არ არის.
გასულ წელს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Philips 50 მსხვილი საერთაშორისო კომპანიის ჯგუფში შეიყვანა, რომლებიც რუსეთში საქმიანობით „სისხლიან ფულს“ შოულობენ.
„საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც აგრძელებენ ოპერირებას რუსეთში, პირდაპირ აფინანსებენ რუსულ სამხედრო დანაშაულებს“, განაცხადა კულებამ 2022 წლის ნოემბერში.