ძაღლები რომ ზეციური არსებები არიან, ამაზე უკვე ბევრი თანხმდება, თუმცა არავინ აფასებს მათ ისე, როგორც ნეპალელები — აზიური ერი ყოველწლიურ ფესტივალს მართავს ძაღლებისთვის პატივის მისაგებად. Kukur Tihar ძაღლების დღეს ნიშნავს და Tihar-ის 5-დღიანი ფესტივალის მეორე დღეს იმართება. უკეთესი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, გეტყვით, რომ აღნიშნული ინდოეთის დივალის ფესტივალის მსგავსია, ოღონდ აქ 4 გამორჩეული ცხოველი ჰყავთ, რომლებიც სიკვდილის ღმერთ Yama-სა თუ Yamaraj-ს უკავშირდება: ყორანი, ძაღლი, ძროხა და ხარი, ხოლო ფესტივალის ბოლო დღე ადამიანებისთვისაა.

ნეპალელები ძაღლებს Yama-ს მაცნეებად და მცველებად მიიჩნევენ, მათთვის პატივის მიგებით კი ჯოჯოხეთისგან იზღვევენ თავს. ეს პატივისცემა სხვადასხვა საშუალებით ხდება, ძაღლებს სტაფილოსფერ გირლიანდებსა და ტილაკას, ანუ საზეიმო ნიშანს უკეთებენ შუბლზე. ნადიმს უწყობენ, რომელზეც პრემიუმ კლასის ძაღლის საკვებიდან დაწყებული, ხორცით, რძითა და კვერცხით დამთავრებული, ყველაფერს შეხვდებით.

საინტერესოა, რომ ეს ყველა ძაღლს ეხება, იმ ოთხფეხა მეგობრებს, რომლებიც სახლში გვყავს, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და რომლებიც საზოგადოებრივ სერვისს გვიწევენ, მათ შორის პოლიციელთა ძაღლებიც. ამგვარად, განსაკუთრებით ამ დღეს ძაღლის მიმართ არასათანადო თუ უხეში მოპყრობა დიდ ცოდვად ითვლება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნეპალელების ტრადიციამ სხვა ქვეყნებზეც იმოქმედა და უკვე 2016 წლიდან მექსიკის მრავალი ქალაქი ზეიმობს Día de los Muertos-ს ფესტივალის ფარგლებში — პატივს მიაგებს ძაღლებს, ადამიანებსა და მათ შინაურ ცხოველებს შორის არსებულ კავშირზე მიანიშნებს, რომელიც სიკვდილის შემდეგაც გრძელდება. მსგავსი დღესასწაული უკვე ამერიკაშიც, კერძოდ ვირჯინიასა და კოლორადოშიც ტარდება… ხოლო მომავალი Kukur Tihar ნეპალელებს 7 ნოემბერს აქვთ დაგეგმილი.


