გლობალური დათბობის გამო, დედამიწის მყინვარების დნობა გრძელდება და ამასობაში, ზღვის დონის მატება ახალ სიმაღლეებს აღწევს. თუმცა, 2024 წელს, წყლის დონის მატების უდიდესი ნაწილი სულ სხვა მექანიზმით იყო გამოწვეული.

„2024 წელს დაფიქსირებული მატება მოსალოდნელზე მაღალი იყო. ყოველი წელი ერთმანეთისგან ცოტა განსხვავდება, მაგრამ აშკარაა, რომ ოკეანის დონე აწევას განაგრძობს და ეს მაჩვენებელი სულ უფრო და უფრო ჩქარდება“, — ამბობს NASA-ს ოკეანოგრაფი ჯოშ უილისი.

წარსულის ტენდენციებზე დაყრდნობით, NASA 2024 წელს პროგნოზირებდა 0,43 სანტიმეტრით აწევას, მაგრამ სინამდვილეში, აიწია 0,59 სანტიმეტრით.

ეს რიცხვები მომდინარეობს ხუთი საერთაშორისო თანამგზავრის მიერ 1992 წლიდან დღემდე წარმოებული გაზომვებით. მათ შორის უახლეს თანამგზავრს, Sentinel-6 Michael Freilich-ს შეუძლია დედამიწის ოკეანეების 90 პროცენტის ზედაპირის სიმაღლის რამდენიმე სანტიმეტრამდე გაზომვა.

დიდი ხანია, მკვლევრები ეჭვობდნენ, რომ აღურიცხავი უკუკავშირის მარყუჟები ზღვის დონეს პროგნოზირებულზე მეტად უნდა სწევდეს მაღლა; ახლა შეიძლება სწორედ ამის შედეგებთან გვქონდეს საქმე.

ამ დრომდე, ყოველწლიურად ზღვის დონის მატების თითქმის ორი-მესამედი მყინვარების დნობაზე მოდიოდა, მაგრამ შარშან ესეც მოულოდნელად შეიცვალა.

NASA-ს დასკვნით, 2024 წელს, ზღვის დონის აწევის ორი-მესამედი გამოწვეული იყო ზღვის წყლის თერმული გაფართოებით, მიუხედავად იმისა, რომ მყინვართა დნობა მაინც ჩქარდება. თბილი წყალი ნაკლებად მკვრივია და შესაბამისად, ცივზე მეტ სივრცეს იკავებს; დედამიწის ატმოსფეროს რეკორდულად გათბობის გამო, შარშან ოკეანე გასული 30 წლის განმავლობაში ყველაზე თბილი იყო.

ვრცლად პირველ არხზე