ესტონეთის გენერალურმა პროკურატურამ სამ პირს - პრიიტ პორილას, დიმიტრი ფოკინს და აივარ რისს - ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფულის გათეთრებისთვის წაუყენა, ხოლო მეოთხეს, სვეტლანა კალინინას სამართალდამცავები ფულის გათეთრების ხელშეწყობაში ედავებიან. გამომძიებლების თქმით, საქმე ეხება უკრაინაში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 35 მილიონ ევროზე მეტი თანხის მიმოქცევაში გაშვებას.

ზემოთ დასახელებულმა ბრალდებულებმა, პროკურატურის ცნობით, უკრაინის მოქალაქე მაქსიმ სტეპანოვს ფულის გათეთრებაში გაუწიეს მომსახურება, რამაც ამ უკანასკნელს საშუალება მისცა, დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლები დაემალა და ის ლეგალურ ეკონომიკაში ჩაედო.

სტეპანოვს უკრაინის სახელმწიფო საწარმო „პოლიგრაფიკომბინატ -უკრაინის“ დირექტორის თანამდებობა ეკავა. უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, მან შეიმუშავა უკანონო მოგების მიღების სქემა, რამაც საშუალება მისცა, 2013 წლის სექტემბრიდან 2021 წლის აპრილამდე, უკრაინული კომპანიიდან ესტონეთში უკანონოდ მინიმუმ 35 მილიონი ევრო გადაერიცხა.

წინასასამართლო პროცესის დროს შეგროვებულმა მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ ეს თანხა ესტონეთში შექმნილ კომპანია „Feature OÜ“-ის ანგარიშზე აღმოჩნდა, რომელსაც ოთხი ბრალდებულიდან ერთ-ერთი, კერძოდ კი დიმიტრი ფოკინი მართავდა.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, დიმიტრი ფოკინმა შექმნა მიწოდების ქსელი, რომელშიც ესტონურ კომპანიას შუამავლის როლი უნდა შეესრულებინა და უკრაინული კომპანია წარმოებისთვის საჭირო ნედლეულით მოემარაგებინა, მაგრამ ამ მასალების ღირებულება რამდენჯერმე იყო გაბერილი, მათ რეალურ ღირებულებასთან შედარებით.

ესტონური კომპანიის ანგარიშზე შემოსული თანხები სხვა ესტონური და უცხოური კომპანიების ათეულობით სხვადასხვა ანგარიშზე ირიცხებოდა, რომლებსაც ბრალდებულები აკონტროლებდნენ. ტრანზაქციებისთვის ლეგალური სახის მისაცემად, ფორმდებოდა სხვადასხვა ხელშეკრულებები და ხდებოდა ფიქტიური სასესხო ვალდებულებების აღება, რაც ფულის ნამდვილი წარმოშობის დამალვის საშუალებას იძლეოდა.

გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებების მიხედვით, თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, საბოლოოდ, სტეპანოვს ან მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ პირებს უბრუნდებოდა.

ერთი მსჯავრდებული უკრაინაში

სახელმწიფო პროკურორ იურგენ ჰიუვას განცხადებით, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ბრალდებულები შეგნებულად ცდილობდნენ კვალის დაფარვას.

„მტკიცებულებების თანახმად, ბრალდებულებმა იცოდნენ, რომ მათ მიერ მიღებული თანხები მოპოვებული იყო უკრაინის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად იმ დროს, როდესაც უკრაინა იძულებული იყო, 2014 წლიდან მოყოლებული, რუსეთის უკანონო აგრესიისგან თავი დაეცვა“, - აღნიშნა ჰიუვამ.

„თუმცა, ამის მიუხედავად, მათ დამალეს ფულის კრიმინალური წარმომავლობა, რისთვისაც ესტონეთის საბანკო სისტემა გამოიყენეს და თითქმის 35 მილიონი ევროს ოდენობის დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავალი მიმოქცევაში გაუშვეს“, - დასძინა მან.

იანვარში ძალაში შესული გადაწყვეტილებით, უკრაინის სასამართლომ ერთი პირი დამნაშავედ ცნო ქვეყნის ტერიტორიაზე ფულის გათეთრებასა და ქონების უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებული (პრედიკატული) დანაშაულის ჩადენაში. ამჟამად უკრაინაში სისხლის სამართლის ეს საქმე სხვა ეჭვმიტანილების პასუხისგებაში მიცემის მიმართულებით გრძელდება.

წინასწარი გამოძიება ესტონეთში გენერალური პროკურატურის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელობით, აგრეთვე ფინანსური დაზვერვის სამმართველოს მხარდაჭერით ჩატარდა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი