Facebook-ის, WhatsApp-ისა და Instagram-ის მფლობელმა, Meta-მ განაცხადა, რომ თინეიჯერული ანგარიშების მსოფლიოში პირველი აკრძალვის შემდეგ, მათ 750 000-ზე მეტი ანგარიში წაშალეს, რომლებიც 16 წლამდე ასაკის ავსტრალიელებს ეკუთვნოდათ.

კომპანიამ აღნიშნა, რომ ავსტრალიაში სოციალური მედიის აკრძალვის ამოქმედებამდე ცოტა ხნით ადრე, დეკემბრიდან ივნისამდე, 462 000 Instagram-ის საეჭვო ანგარიში და 294 000 Facebook-ის საეჭვო ანგარიში გააუქმა.

მსოფლიოს უდიდესმა სოციალური მედიის კომპანიამ განაცხადა, რომ სურს დაიცვას კანონი, რომელსაც ის და სხვა პლატფორმები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. ცნობისათვის, ავსტრალიის ინტერნეტმარეგულირებელი პლატფორმების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას განიხილავს. მათ შორისაა Meta-ს საკუთრებაში არსებული ზოგიერთი პლატფორმაც, რომლებმაც, მათი აზრით, ვერ მიიღეს საკმარისი ზომები კანონის იმპლემენტაციისათვის.

აღსანიშნავია, რომ სხვა პლატფორმებს ავსტრალიის კანონთან შესაბამისობის მონაცემები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებიათ. თუმცა ავსტრალიის მთავრობის მიერ გავრცელებულმა მონაცემებმა და დამოუკიდებელმა კვლევებმა აჩვენა, რომ 16 წლამდე ასაკის ათი  მოზარდიდან რვა, აკრძალვის პირველი სამი თვის განმავლობაში კვლავ სოციალურ მედიაში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, ავსტრალიის მთავრობამ რამდენიმე თვის წინ ისტორიული კანონი მიიღო, რომელიც ძალაში 10 დეკემბერს შევიდა.  ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 წლამდე პირებს სოციალური მედიის ანგარიშების ფლობა აეკრძალათ.

Meta-ს განცხადებით, ის მომხმარებლის პროფილების გასაანალიზებლად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს.

წყარო: forbes.ge