საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლები (ავიადისპეჩერები), რომლებსაც გასული წლის ნოემბერში ვილნიუსში „დი ეიჩ ელ“-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ საქმიანობის უფლება შეუჩერდათ, თავიანთ თანამდებობებზე აღადგინეს. ამ ინფორმაციას ლიეტუვას ეროვნული რადიომაუწყებელი (LRT RADIO) ავრცელებს.
საჰაერო მოძრაობის მარეგულირებელი სახელმწიფო კომპანიის, „Oro Navigacija“-ს ხელმძღვანელის, საულიაუს ბატავიჩიუსის თქმით, შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ მომხდარ ავიაკატასტროფაში ავიადისპეჩერები დამნაშავეები არ იყვნენ.
„ამ ცვლაში, ავიაკატასტროფის დროს, საჰაერო მოძრაობის სამი მაკონტროლებელი მუშაობდა. სამსახურში მათი დატვირთვის შემცირების პირობებში, ჩვენ მთელი პროცესი შევისწავლეთ და გამოძიების შემდეგ, ისინი მთლიანად აღვადგინეთ სამსახურში“, - აღნიშნა ბატავიჩიუსმა LRT RADIO-თან ინტერვიუში.
„ყველა ფაქტორმა აჩვენა, რომ მათ საქმიანობის გაგრძელება შეუძლიათ და ამიტომ, ისინი კვლავ შეუდგნენ მუშაობას“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ავიადისპეჩერების საკითხის შესწავლაში ფსიქოლოგები მონაწილეობდნენ და საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლების სამსახურში აღდგენა მათ დასკვნებს დაეფუძნა.
„სვიფტეარის“ კუთვნილი „ბოინგის“ ტიპის თვითმფრინავი, რომელსაც „დი ეიჩ ელ“-ის ამანათები გადაჰქონდა, 25 ნოემბერს, დილით, ვილნიუსის აეროპორტთან მიახლოებისას ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ესპანელი პილოტი დაიღუპა, ხოლო სამი პირი - კიდევ ერთი ესპანელი, გერმანელი და ლიეტუვას მოქალაქე დაშავდა.
დაშვებისას, თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, რომელშიც 13 ადამიანი ცხოვრობდა. ყველა მათგანი უვნებელი დარჩა და არავინ დაზიანდა. ვილნიუსის ხელისუფლებამ დაზარალებულ ოჯახებს სოციალური საცხოვრებელი ფართი ერთი წლით გამოუყო.
დეკემბრის ბოლოს, ლიეტუვას იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის „შავი ყუთების“ წინასწარ ანალიზს ავარიის დროს უკანონო ჩარევის ნიშნები არ გამოუვლენია.
წყარო: 1 არხი