მყინვარები შვეიცარიისა და იტალიის სახელმწიფო საზღვრის ბუნებრივი ფიქსატორები არიან. ამიტომ, მათი დნობის გამო ორ ქვეყანას შორის საზღვრის შეცვლა გარდაუვალ აუცილებლობად იქცევა ხოლმე. შესაბამისად, როგორც „სკაი ნიუსი“ და „ევრონიუსი“ იტყობინებიან, ალპურმა ქვეყნებმა უკვე დაამტკიცეს საზღვრის კორექტირების შეთანხმება, რომელიც ძალაში რომში მისი ხელმოწერის შემდეგ შევა.

„საზღვრის მნიშვნელოვანი მონაკვეთები მუდმივი მყინვარებით, ფირნით (თოვლი, რომელიც ყინულის პატარა მარცვლებისგან შედგება - რედ.) ან ქედების ფერდობებით განისაზღვრება. ეს წარმონაქმნები კი მყინვარების დნობის შედეგად ზოგჯერ იცვლება“, - ნათქვამია შვეიცარიის მთავრობის მიერ გასულ კვირას გავრცელებულ განცხადებაში. პარასკევს ბერნმა ცვლილებები ოფიციალურად მოიწონა და ახლა რომის ჯერია, რომ ამ ცვლილებებში ბოლო შტრიხები შეიტანოს. მას შემდეგ კი, რაც ორივე ქვეყანა კონვენციის რატიფიცირებას მოახდინებს, საზღვრის ხაზში შეტანილი ცვლილებები საბოლოოდ შევა ძალაში.

ცვლილებები, ძირითადად, შეეხება ზერმატის (სამხრეთ შვეიცარია) მუნიციპალიტეტებსა და ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში მდებარე სერვინიას, რომელიც მატერჰორნის მახლობლად მდებარეობს და მეშვიდე ყველაზე მაღალი მთა ალპებში. საზღვრების კორექტირება განხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების ტერიტორიაზეც, როგორიცაა ტესტა გრიჯია, როზას პლატო, რიფუჯიო კარელი და გობა დი როლინი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იტალია-შვეიცარიის საზღვარი იცვლება. 2000 წელს, ზერმატში არსებული ფურგსატელის საბაგირო სადგურის მახლობლად, საზღვარმა 100-150 მეტრით გადაიწია, რის გამოც საბაგირო არა იტალიაში, არამედ შვეიცარიაში „აღმოჩნდა“.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საზღვრის ხაზის ცვლილებები მყინვარების დნობასთან, ასევე ქედების ფერდობების ფორმის შეცვლასთან არის დაკავშირებული. ბოლო წლების განმავლობაში, „კოპერნიკუსის“ მეტეოროლოგიურმა სამსახურმა არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია, თუ რამდენად სწრაფად დნება ევროპაში მყინვარები, რეკორდულად ცხელი ზაფხულისა და კლიმატის ცვლილების გამო. მაგალითად, ტეოდულეს მყინვარმა, 1973 წლიდან 2010 წლამდე, თავისი მასის თითქმის მეოთხედი დაკარგა და მისი საზღვრები ასი მეტრის ფარგლებში შეიცვალა, დოსდე ალპებში მდებარე ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იტალიურმა მყინვარმა კი, მხოლოდ გასული წლის განმავლობაში, შვიდი მეტრით დაიხია უკან.

კლიმატის ცვლილების გამო, შვეიცარიამ, 2021-2023 წლებში, თავისი მყინვარების თითქმის მეათედი დაკარგა და ეს პროცესი განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში, მატერჰორნის მიდამოებშია თვალშისაცემი. „შვეიცარიის მყინვარები უფრო და უფრო სწრაფად დნება, დნობის ტემპი კი დრამატულია: ორ წელიწადში იმდენი მყინვარი დავკარგეთ, რამდენიც 1960-1990 წლებში“, - ნათქვამია შვეიცარიის მეცნიერებათა აკადემიის განცხადებაში.

გავლენა ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაზე

მყინვარების უკან დახევა გლობალური დათბობის ალბათ ყველაზე შესამჩნევი შედეგია. დნობის შედეგად წარმოქმნილი წყალი ზაფხულში მდინარეებს გარკვეული დროით შეავსებს, მაგრამ 21-ე საუკუნის ბოლოს ალპებში ყინულის უმეტესი ნაწილი უკვე დამდნარი იქნება. შესაბამისად, საკმარისი წყალი, განსაკუთრებით ზაფხულში, აღარ იქნება, რაც სასმელი წყლით მოსახლეობის მომარაგებას და სოფლის მეურნეობას პრობლემებს შეუქმნის.

მყინვარების დნობა სხვა რისკებსაც შეიცავს. მაგალითად, შეიძლება დროებით გაიზარდოს მყინვარული ტბების და ყინულის ზვავების რაოდენობა. შვეიცარიელი მეცნიერები ასევე გვაფრთხილებენ, რომ გლობალური მასშტაბით ყინულის დნობა ოკეანეების დონეს ასწევს, რაც, თავის მხრივ, ზღვების დონის აწევას და სანაპირო ზონების დატბორვას გამოიწვევს.

წყარო: 1 არხი