მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ფილიპ ლამმა „ნიუ იორკ თაიმსის“ სპორტულ დამატებაში, The Athletic-ში გამოაქვეყნა ბლოგი ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ნახევარფინალურ დაპირისპირებებზე და ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა.
იამალი, საკა, კვარაცხელია – როგორ გავუმკლავდებოდი ჩემპიონთა ლიგის ელიტარულ ფლანგის თავდამსხმელებს
„როგორც ყოფილი განაპირა მცველი, ყოველთვის ვაკვირდები იმ ფეხბურთელებს, რომელთა წინააღმდეგაც პოზიციურად მიწევდა თამაში, რათა გავაანალიზო, როგორ გავანეიტრალებდი მათ. წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა საინტერესო გამოწვევებით იყო სავსე – მაიკლ ოლისე, ვინისიუს ჯუნიორი, ბუკაიო საკა, ლამინ იამალი, ხვიჩა კვარაცხელია და უსმანე დემბელე ბრწყინავდნენ. მათ შეუძლიათ გოლის გატანა და საგოლე მომენტების შექმნა სხვადასხვა გზით, ხოლო მცველებისთვის ძალიან დიდი საფრთხე მოაქვთ.
მანძილი, რომლის დაფარვაც ხვიჩა კვარაცხელიას ბურთით შეუძლია, შთამბეჭდავია — მით უმეტეს, რომ ის დრიბლინგის დასრულების დროსაც სახიფათოა. კვარაცხელია ყველა გუნდს რაღაცას აძლევს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავია. ის, ასევე, თავდაუზოგავად მუშაობს დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს. კვარაცხელიას მებრძოლი ხასიათი აქვს. მისი შრომისმოყვარეობა ფრანკ რიბერის მახსენებს. მისი ბურთის ფლობის უნარი, შესაძლოა, გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალთან“.
როგორ გავაჩეროთ? მახსოვს, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი არგენტინის წინააღმდეგ, როდესაც კოლექტიური დაცვითა და სივრცის კარგი გადანაწილებით ლიონელ მესის შეჩერება შევძელით. მცველებმა ვიცოდით, რომ თუ ერთმანეთისგან ძალიან შორს დავდგებოდით, ის სლალომის ბოძებივით მოგვექცეოდა. მაგრამ თუ ძალიან ახლოს დავდგებოდით, დაბნეულობა შეიქმნებოდა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მივიდოდა ბურთის ასართმევად“, – წერს გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი.