„უკრჰიდროენერგოს“ ხელმძღვანელის იგორ სიროტას განცხადებით, რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებული კახოვკის ჰესის ადგილზე ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, მინიმუმ, 1 მლრდ ევრო დაჯდება. ამის შესახებ მან Deutsche Welle-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
„მხოლოდ სადგურის ასაშენებლად დღეს, მინიმუმ, 800 მლნ ევროა საჭირო. თუმცა სადგურის გარდა, საუბარია გადასასვლელ ხიდზე, სარკინიგზო ლიანდაგსა და შლიუზირების დაზიანებულ სისტემაზე, ანუ მთელ ინფრასტრუქტურაზე, რასაც, სულ ცოტა, მილიარდი ევრო სჭირდება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველაფრის აღდგენას დრო, მინიმუმ, ხუთი წელი სჭირდება,“ - განაცხადა სიროტამ.
მისი თქმით, დეოკუპაციის შემდეგ წყლის საჭირო დონის აღსადგენად კახოვკის წყალსაცავი გადაიკეტება და იმავე ადგილას ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება.