ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანელმა პარლამენტარმა დაადასტურა ცნობები, რომელთა მიხედვითაც თეირანმა მოსკოვს ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა.

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, აჰმად ბახშაიეშ არდესტანმა ცნობები 24 საათზე ნაკლებ დროში დაადასტურა მას შემდეგ, რაც იმავე ცნობები გაეროში ირანის მისიის წარმომადგენელმა უარყო.

კერძოდ, საუბარია გამოცემა Wall Street Journal-ის ექსკლუზივზე, რომლის მიხედვითაც აშშ-მ მოკავშირეებს აცნობა, რომ ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა.

"საჭიროებისამებრ, ჩვენ [ირანმა და რუსეთმა] უნდა გავცვალოთ საქონელი. მათ ჩვენ დრონებს და რაკეტებს გავუგზავნით, ისინი სოიოს და ხორბალს გამოგვიგზავნიან და ა.შ." - თქვა პარლამენტარმა.

როდესაც პარლამენტარს ჰკითხეს, გამოიწვევდა თუ არა ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა დასავლეთის მკაცრ უკურეაქციასა და მეტი სანქციის დაწესებას ირანისთვის, მან უპასუხა, რომ "სიტუაცია იმაზე უარესი, ვიდრე ახლა არის, ვერ გახდება".

"ჩვენ რაკეტებს ვაძლევთ ჰეზბოლას, ჰამასს, ალ-ჰაშდ ალ-შააბის. რატომ არ მივცეთ რუსეთს?" - რიტორიკული შეკითხვა დასვა ირანელმა პარლამენტარმა.

არდესტანის თქმით, რუსეთთან პარტნიორობა ირანისთვის კიდევ იმიტომაა სარგებლის მომტანი, რომ ეს ქვეყანას დასავლური სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

"ჩვენ ვყიდით იარაღს და ვიღებთ დოლარებს. ჩვენ სანქციებს გვერდს ვუვლით რუსეთთან პარტნიორობით. რუსეთი გვიგზავნის სოიოს, სიმინდს, ხორბალს და სხვა საქონელს. ევროპელები იარაღს უკრაინას აძლევენ. NATO უკრაინაში შევიდა. და ჩვენ რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი ჩვენს მოკავშირეს რაკეტებისა და დრონების გაგზავნით?" - კიდევ ერთი რიტორიკული შეკითხვა დასვა პარლამენტარმა.

ცნობისთვის, 6 სექტემბერს გამოცემა Wall Street Journal-მა ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირანმა რუსეთს მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა. 

როგორც WSJ წერს, ვაშინგტონმა მოკავშირეებს ამის შესახებ მიმდინარე კვირაში აცნობა. ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას დაუდასტურა, რომ ბალისტიკური რაკეტები რუსეთში უკვე ჩავიდა.

ირანმა რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ბალისტიკური რაკეტების გაგზავნა უარყო. გაეროში ირანის მისიის წარმომადგენლის მტკიცებით, "ირანი თავს იკავებს მსგავს ქმედებებში მონაწილეობისგან, თუმცა ასევე მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, შეწყვიტონ იარაღის მიწოდება კონფლიქტში ჩართული მხარეებისთვის". 

წყარო: ტაბულა