ირანმა რუსეთს მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა. ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობები მას შემდეგ ვრცელდება, რაც ბოლო ხანებში რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმები კიდევ უფრო გახშირდა.

როგორც WSJ წერს, ვაშინგტონმა მოკავშირეებს ამის შესახებ მიმდინარე კვირაში აცნობა. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ბალისტიკური რაკეტები რუსეთში უკვე ჩავიდა.

"რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან ჩვენ ვლაპარაკობდით რუსეთსა და ირანს შორის უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ და შეშფოთებულები ვართ ამ ცნობებით. პარტნიორებთან ერთად G-7-ისა და NATO-ს ზაფხულის სამიტებზე ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, გვქონდეს შესაბამისი რეაქცია. რუსეთისთვის ირანული ბალისტიკური რაკეტების გადაცემა ირანის მიერ რუსეთის აგრესიის ომის მხარდაჭერის დრამატულ ესკალაციას წარმოადგენს" თქვა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა შონ სავეტმა.

ირანი რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ბალისტიკური რაკეტების გაგზავნას უარყოფს. გაეროში ირანის მისიის წარმომადგენლის მტკიცებით, "ირანი თავს იკავებს მსგავს ქმედებებში მონაწილეობისგან, თუმცა ასევე მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, შეწყვიტონ იარაღის მიწოდება კონფლიქტში ჩართული მხარეებისთვის".

"ეს დასასრული არ არის; დიდი ალბათობით, ირანი რუსეთში იარაღის შეტანას კვლავ გააგრძელებს" - ამბობს ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი. 

წყარო: ტაბულა