ილონ მასკით თავისუფალი სიტყვა დავიბრუნეთ, მოგვწონს თუ არა ყველაფერი, რასაც ამბობს, ის გმირია, – ამის შესახებ ბრიტანეთის „რეფორმის“ პარტიის ლიდერმა, ნაიჯელ ფარაჯმა განაცხადა.

„ის ფაქტი, რომ მან იყიდა „ტვიტერი“, ახლა რეალურად გვაძლევს ადგილს, სადაც ჩვენ გვაქვს სათანადო ღია დებატები ბევრ რამეზე. „ფეისბუქი“ და „მეტაც“ კი ახდენენ ადაპტირებას ახალ სამყაროში“, – განაცხადა ნაიჯელ ფარაჯმა.

„რეფორმის“ პარტიის ლიდერმა დაიცვა ილონ მასკი მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მილიარდერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი იყო „ბრიტანეთის გაუპატიურების თანამონაწილე“, როდესაც მან ვერ შეძლო გაუპატიურების ჩამდენი ბანდების სისხლისსამართლებრივი დევნა, როგორც გაერთიანებული სამეფოს პროკურატურის სამსახურის ხელმძღვანელმა 2008 წელს.

პარალელურად, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „რეფორმის“ პარტიას ახალი ლიდერი სჭირდება, რადგან ნაიჯელ ფარაჯს არ გააჩნია საჭირო უნარები.

მიუხედავად იმისა, რომ ნაიჯელ ფარაჯი და კონსერვატორები ეთანხმებიან მასკის მოწოდებებს კრიმინალური ბანდების სკანდალის ეროვნული გამოძიების შესახებ, გაჩნდა განხეთქილება ამერიკელ მილიარდერის მიერ ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის მხარდაჭერის გამო, რომელიც ამჟამად იხდის 18-თვიან პატიმრობას სასამართლოს უპატივცემულობისთვის.

მასკმა მხარი დაუჭირა ულტრამემარჯვენე აქტივისტს და ამტკიცებდა, რომ რობინსონი „სიმართლეს ამბობდა“ ბანდების შესახებ.

რობინსონის მხარდაჭერის შესახებ კითხვაზე, ფარაჯმა განაცხადა: „ის ხედავს რობინსონს, როგორც ერთ-ერთ ამ ადამიანთაგანს, რომელიც იბრძოდა ბანდების წინააღმდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა, სიმართლე ის არის, რომ ტომი რობინსონი ციხეშია არა ამის გამო, არამედ სასამართლოს უპატივცემულობის გამო.

წყარო: 1 არხი