საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციამ (IATA) 2023 წელს გლობალური ავიაკომპანიების სუფთა მოგების პროგნოზი 9,8 მლრდ დოლარამდე გაზარდა, მაშინ, როცა გასული წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 4,7 მლრდ დოლარად იყო შეფასებული.
ბოლოს ინდუსტრიამ დადებითი ფინანსური შედეგი კოვიდპანდემიამდელ 2019 წელს აჩვენა, როცა სუფთა მოგება 26.4 მლრდ დოლარს შეადგენდა.
IATA-ს ავიკომპანიების სუფთა ზარალი 2022 წელს 6.9 მლრდ დოლარად, 2021 წელს 42 მლრდ დოლარად, ხოლო 2020 წელს 137.7 მლრდ დოლარად აქვს შეფასებული.
ამჯერად გლობალური ავიახაზების შემოსავალი 803 მლრდ დოლარად არის პროგნოზირებული, მაშინ, როცა დეკემბერში ასოციაცია 779 მლრდ დოლარს პროგნოზირებდა. ასევე, სუფთა მოგების პროგნოზირებული მარჟა დეკემბრის 0,6%-იანი მაჩვენებლიდან 1,2%-მდე არის გაზრდილი. 2019 წელს გლობალური ავიაკომპანიების შემოსავალი 838 მლრდ დოლარად, მომგებიანობა კი 3.1%-ით იყო შეფასებული.
IATA-ს განახლებული პროგნოზით, მგზავრთა ნაკადი წელს 4,35 მლრდ ადამიანს მიაღწევს. ეს მაჩვენებელი 2019 წლის შედეგთან ახლოსაა, როცა 4,54 მლრდ ადამიანი იქნა ტრანსპორტირებული. აღსანიშნავია, რომ ასოციაციის დეკემბრის პროგნოზი ოდნავ ნაკლებს, 4,2 მლრდ მგზავრს ითვლიდა.
IATA-ს აღმასრულებელი დირექტორი, უილი უოლში აცხადებს, რომ მოგების პროგნოზის გაუმჯობესება რამდენიმე პოზიტიურ მოვლენას ეფუძნება. კერძოდ, ჩინეთმა COVID-19-ის შეზღუდვები წელს მოსალოდნელზე ადრე გააუქმა. ასევე, სატვირთო გადაზიდვების შემოსავლები პანდემიამდელ დონეზე მაღალია, იმის მიუხედავად, რომ გადაზიდვების მოცულობა არ შეცვლილა. ამასთან, უოლშის მონაცემებით, "ხარჯების ფრონტზეც გარკვეული შემსუბუქებაა." მართალია, თვითმფრინავის საწვავი მაინც ძვირია, მაგრამ მისი ფასი წლის პირველ ნახევარში დაეცა. ასოციაცია მოელის, რომ წელს თვითმფრინავის საწვავი ბარელზე, საშუალოდ, 98,5 დოლარი ეღირება, ხოლო საწვავის მთლიანი ხარჯი 215 მლრდ დოლარს შეადგენს.
IATA 300 ავიაკომპანიას აერთიანებს, რომლებიც გლობალური ავიარეისების 80%-ზე მეტს ასრულებენ.
bpn.ge