უკრაინამ იაპონიასთან მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც კიევს გაყინული რუსული აქტივებიდან 3 მილიარდი დოლარი გადაეცემა. ინფორმაციას ამის შესახებ ომში მყოფი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
იმავე მექანიზმის საშუალებით, უკრაინა 50 მილიარდი დოლარის მოზიდვას შეძლებს.
"მადლობა ჩვენს პარტნიორებს დიდი შვიდეულიდან და ევროკავშირიდან ისეთი ინსტრუმენტის შესაქმნელად, რომელიც რუსეთს აიძულებს გადაიხადოს მის მიერ მიყენებული ზარალი", - წერს შმიგალი.
მისივე ინფორმაციით, ეს თანხები ERA ინიციატივის ფარგლებში გამოიყოფა და მიმართული იქნება "ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების, უკრაინის რეკონსტრუქციისა და განვითარებისკენ".
ცნობისთვის, ევროპა კრემლის გაყინული აქტივებიდან $3.4 მლრდ-ს რუსეთში დაზარალებულ ინვესტორებს გადასცემს. ბანკი Euroclear გაყინული რუსული აქტივებიდან 3.4 მილიარდ დოლარს გადასცემს იმ დასავლელ ინვესტორებს, რომლებმაც რუსეთში, ომის დაწყების შემდეგ ფინანსური ზიანი განიცადეს. გაყინული თანხები ბელგიურ ანგარიშსწორების ფირმაში ინახება მას შემდეგ, რაც კრემლმა, ბოლო თვეებში, რუსეთში ინვესტორების ნაწილის ნაღდი ფული მიითვისა. თანხა, რომელიც ევროკავშირისგან დასანქცირებულ რუსულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს ეკუთვნით, 10 მილიარდიანი მარაგიდან გადანაწილდება.