ჰააგის სასამართლომ ჩინურ ავტომწარმოებელ BYD-ს ევროკავშირის ტერიტორიაზე ახალი ყველგანმავლის, Ti7-ის გაყიდვა აუკრძალა. გადაწყვეტილების მიზეზი ბრიტანული ბრენდის, Land Rover Defender-ის დიზაინის სავარაუდო კოპირება გახდა.
სასამართლოს შეფასებით, ავტომობილების ექსტერიერის ვიზუალური მსგავსება იმდენად დიდია, რომ Jaguar Land Rover-ის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს არღვევს. გადაწყვეტილების საფუძველზე, BYD-ს ევროკავშირის ბაზარზე აღნიშნული მოდელის გაყიდვა ეკრძალება.
მიუხედავად ვიზუალური მსგავსებისა, ავტომობილები ტექნიკური მახასიათებლებით განსხვავდება. Land Rover Defender-ისგან განსხვავებით, BYD Ti7 აღჭურვილია 1.5-ლიტრიანი ტურბოძრავისა და ელექტროძრავების ჰიბრიდული სისტემით, რომლის სიმძლავრე 402 ცხენის ძალას შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ Jaguar Land Rover-ს მსგავსი დავა ადრეც მოუგია. კომპანიამ წარსულში ჩინურ ავტომწარმოებელ Landwind-ს Range Rover Evoque-ის დიზაინის კოპირების გამო უჩივლა.