თბილისში საცხოვრებელი ფართობის მშენებლობაზე გაცემული ნებართვებით გათვალისწინებული ფართობი 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში წლიურად 3%-ით შემცირდა და დაახლოებით 985 ათასი კვ.მ შეადგინა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებელი 1.001 მლნ კვ.მ იყო.
„თიბისი კაპიტალის“ 2026 წლის 10 თვის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ახალი სამშენებლო ნებართვების თითქმის ნახევარი (49%) სამ უბანზე — ისანზე, საბურთალოსა და დიდ დიღომზე მოდის.
კერძოდ, ნებართვებით გათვალისწინებული ფართობის 17% ისანზე, 16% საბურთალოზე, 16% დიდ დიღომზე, 15% ნაძალადევზე, 12% გლდანზე, ხოლო დარჩენილი 24% თბილისის სხვა უბნებზე ნაწილდება.
რაც შეეხება წინა წლების მონაცემებს, თბილისში სამშენებლო ნებართვების მოცულობამ პიკს 2023 წელს მიაღწია და 1.344 მლნ კვ.მ შეადგინა. 2019 წელს მაჩვენებელი 847 ათასი კვ.მ იყო, 2020 წელს — 1.05 მლნ, 2021 წელს — 1.08 მლნ, 2022 წელს — 951 ათასი, ხოლო 2024 და 2025 წლებში — 1.186 მლნ კვ.მ.
ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვის თანახმად, პოტენციური მიწოდების ზომიერი შემცირების მიუხედავად, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ზრდა დაჩქარდა.
საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობამ 3.483 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 22%-იანი ზრდაა. ამავე პერიოდში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა და 39 047 ერთეულს მიაღწია.