მოთხოვნა

საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად, გრენლანდიის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს შეერთებულ შტატებთან მიერთებას.

ისტორია

გრენლანდიის 416 მცხოვრებს შორის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 2025 წლის 6-11 იანვარს ამერიკულმა კომპანია „პეტრიოტ პოლინგმა“ ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 57,3% მხარს უჭერს შეერთებულ შტატებთან კუნძულის მიერთებას. კვლევას წინ უძღვოდა აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან საჯაროდ გამოხატული ინტერესი ამერიკის მიერ დანიის ავტონომიური ტერიტორიისა და პანამის არხის შეძენასთან დაკავშირებით.

ტრამპმა გრენლანდიის შეძენის იდეა პირველად მისი პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს წამოაყენა.

როდესაც გასულ კვირას რეპორტიორებმა ჰკითხეს, გამორიცხავდა თუ არა თავისი განზრახვის განსახორციელებლად სამხედრო ძალის ან ეკონომიკური სანქციების გამოყენებას, მან განაცხადა: „არა, ამ ორი ვერსიიდან ვერცერთს ვერ დავადასტურებ“.

სამშაბათს, 14 იანვარს, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მუტე ბ. ეგედემ აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ეძებს გზებს თავდაცვისა და წიაღისეული რესურსების კვლევის სფეროებში შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის. თავის მხრივ, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ ითანამშრომლებს გრენლანდიასთან, რათა ტრამპთან „მოლაპარაკებები გაგრძელდეს“.

მეთოდი

თავის ვებ-გვერდზე „პეტრიოტ პოლინგი“ საკუთარ თავს ახასიათებს, როგორც „არაპარტიულ ორგანიზაციას, რომელიც მთელ ამერიკაში ატარებს გამოკითხვებს“. ის 2022 წელს ლუკა რუგერიმ და არჰან კაულმა შექმნეს, რომლებიც იმ დროს სკოლის მოსწავლეები იყვნენ. 2024 წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუგერი პენსილვანიის მე-6 ოლქში რესპუბლიკელი ნილ იანგის კამპანიის მენეჯერად მუშაობდა.

ორგანიზაციის X პლატფორმაზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ კითხვა ასე იყო ფორმულირებული: „მხარს უჭერთ თუ არა შეერთებულ შტატებთან გრენლანდიის მიერთებას?“, კომპანიის ვებ-გვერდის თანახმად კი, კითხვა ასე დაისვა: „ეთანხმდებით თუ არა, რომ შეერთებულმა შტატებმა დანიისგან შეიძინოს გრენლანდია?“.

გამოკითხვა ავტომატური სატელეფონო ზარების გამოყენებით ჩატარდა, თუმცა, მითითებული არ არის, რომელ ენაზე დაისვა კითხვები.

შეფასებების თანახმად, ეს კომპანია 282 კვლევით ორგანიზაციას შორის 249-ე ადგილზეა და მხოლოდ ერთი ვარსკვლავი აქვს. მას განსაკუთრებით დაბალი შეფასება გააჩნია კატეგორიაში „შეცდომა და მიკერძოება“ და აქამდე მხოლოდ 10 გამოკითხვა აქვს ჩატარებული. ამასთან ეს იყო პირველი გამოკითხვა „პეტრიოტ პოლინგისთვის“, რომელიც მან აშშ-ს ფარგლებს გარეთ ჩაატარა.

ზოგიერთ ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ გამოკითხვის დრო დაემთხვა დონალდ ტრამპ-უმცროსის ვიზიტს გრენლანდიაში, რამაც, შესაძლოა, საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინა.

გრენლანდიის უნივერსიტეტთან არსებული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, გრენლანდიის 57 000-კაციანი მოსახლეობის 60 პროცენტი ევროკავშირის წევრობას მისცემდა ხმას.

აღნიშნული ცენტრის მიერ 2024 წლის დეკემბერში ჩატარებულ სხვა გამოკითხვაში მონაწილე გრენლანდიელებს ასევე ჰკითხეს, სურდათ თუ არა შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა. გამოკითხულთა 59 პროცენტმა აღნიშნა, რომ რაც შეიძლება ფართო თანამშრომლობა სურს, 23,5 პროცენტს ნაკლები მასშტაბის თანამშრომლობა მიაჩნია მიზანშეწონილად, ხოლო 17,5 პროცენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხში გარკვეული პოზიცია არ გააჩნია.

ეს სტატისტიკა გრენლანდიელებს შორის შეერთებულ შტატებთან ფართო თანამშრომლობის მომხრეთა რაოდენობის შემცირებაზე მიუთითებს, რომლებიც 2021 წლის გამოკითხვის დროს 69,1%-ს შეადგენდნენ.

ამასთან, კუნძულის ზრდასრული მოსახლეობის ორ მესამედს (67.7%) სურს, რომ „მომავალში, რაღაც მომენტში“, დანიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვოს.

რეიტინგი

ძალიან ცოტა ინფორმაცია არსებობს იმის შესაფასებლად, თუ რამდენად სანდოა „პეტრიოტ პოლინგის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვა. ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ წინა გამოკითხვებზე დაფუძნებული რეიტინგი კომპანიის სანდოობას ეჭვის ქვეშ აყენებს, გრენლანდიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები კი საზოგადოების მხრიდან შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის მხარდაჭერის შემცირებაზე მიუთითებს.

წყაროები (ინგლისურ ენაზე)

Altinget (2019). Martin Breum: Her er den egentlige forskel på dansk og grønlandsk syn på fremtiden. [online] [Accessed 14 ja. 2025].

BBC (2025). Greenland ready to work with U.S. on defence, says PM. [Accessed 14 Jan. 2025].

CBS (2024). Great Valley High School senior working dream job as congressional campaign manager for Republican Neil Young. [Accessed 14 Jan. 2025].

Patriot Polling (2025). Greenland supports joining the United States. [Accessed 14 Jan. 2025].

Rasmus Leander, N. and Maria, A. (2024). The Second Foreign and Security Policy Opinion Poll. [online] Ilisimatusarfik. [Accessed 14 Jan. 2025].

X (formerly Twitter). (2025). Available at: Patriot Poll of Greenland Do you support Greenland joining the United States? [Accessed 14 Jan. 2025].

538 (2016). Pollster Ratings. [online] FiveThirtyEight. [Accessed 14 Jan. 2025].