გერმანიის მოსახლეობის ნახევარზე მეტი (54%) მხარს უჭერს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

როგორც Deutschlandtrend-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან ირკვევა, ეკონომიკური კრიზისის ფონზე გერმანიის მმართველი კოალიციის, რომელშიც შედიან სოციალ-დემოკრატიული პარტიის, თავისუფალი დემოკრატიული პარტიისა და „კავშირი-90/მწვანეების“ წარმომადგენლები, პოპულარობა ახალ მინიმუმამდე დაეცა.

შოლცის მთავრობის მუშაობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა მხოლოდ 14%, უარყოფითად კი – 85%. გამოკითხულთა მხოლოდ 41% უჭერს მხარს მოქმედი მთავრობის ხელისუფლებაში დარჩენას 2025 წლის სექტემბერში დაგეგმილ ბუნდესტაგის არჩევნებამდე.

გამოკითხვის მიხედვით, ბუნდესტაგის არჩევნები მომდევნო კვირას თუ ჩატარდება, მმართველი კოალიციის არცერთ წევრ პარტიას არ ექნებოდა ხელისუფლებაში დარჩენის შანსი. სოციალ-დემოკრატებს ხმას მისცემდა 16%, „მწვანეებს“ – 11%, ლიბერალებს – ოთხი პროცენტი. ჯამში 31 პროცენტი.

ამავდროულად, ოპოზიციურ ქრისტიანულ პარტიათა ბლოკის მხარდაჭერას გამოხატავს ამომრჩეველთა 34%. ეს 2021 წლის თებერვლის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია, თუმცა გამოკითხულთა მხოლოდ მეოთხედს სჯერა, რომ „ქრისტიან დემოკრატიული“ და „ქრისტიან-სოციალური“ კავშირის ხელმძღვანელობით მთავრობას შეუძლია გერმანიაში არსებული პრობლემების უკეთ გადაჭრა. ამავე გამოკითხვის თანახმად, მემარჯვენე პარტიას, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარს უჭერს გამოკითხულთა 17%, „სარა ვაგენკნეხტის კავშირს“ – 6% და ყველა დანარჩენ პოლიტიკური ძალას, მემარცხენე პარტიის ჩათვლით – 12%.​​​​​​​​​​​​​​​​

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი