26 სექტემბერს Financial TImes-მა გამოძიება გაავრცელა, რომლის შედეგადაც სატელიტური მონაცემებისა და ინფორმირებულ პირებთან ინტერვიუების საშუალებით, გამოცემამ რუსეთის სადაზვერვო და დივერსიული ხომალდები ევროპის ზღვებში არსებულ კრიტიკულ წყალქვეშა კაბელებთან ახლოს აღმოაჩინა.

FT იუწყება, რომ ამ ხომალდების მიერ შეგროვებული მონაცემები რუსეთის უკიდურესად საიდუმლო სტრუქტურას, ღრმა წყლების კვლევის სამმართველოს (GUGI), ეკუთვნის.

FT წერს, რომ ევროპის კრიტიკული ენერგეტიკული და საკომუნიკაციო ქსელების ზუსტი რუკები მოსკოვს დასავლეთთან პირდაპირი დაპირისპირების შემთხვევაში მნიშვნელოვან უპირატესობას მისცემდა.

გამოცემამ რუსული ხომალდი "იანტარი" გასული წლის ნოემბრის სატელიტურ კადრებში გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიას შორის, ირლანდიის ზღვაში აღმოაჩინა. FT-ის ინფორმაციით, დივერსიული გემის მისია რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა.

FT-ს ცნობით, დივერსიული ხომალდი კონტინენტურ ნორვეგიასა და შპიცბერგენის არქიპელაგს შორის მდებარე წყალქვეშა კაბელებთანაც დაფიქსირდა.

დასავლური საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა FT-ს ანონიმურად განუცხადეს, რომ "იანტარს" იმ ელექტრონული იმპულსების შეცვლა შეუძლია, რომლებიც საკომუნიკაციო კაბელებში გადის, რამაც შეიძლება სერიოზული შეფერხებები გამოიწვიოს.

FT-ის თანახმად, დივერსიულ ხომალდს დასავლური სამხედრო კომუნიკაციების ხელში ჩაგდება, ინტერნეტ-კაბელების დაზიანება და წყალქვეშა ასაფეთქებლების განთავსება შეუძლია, რომლებიც შეიძლება მომავალში ამოქმედდეს.

tabula.ge