ლიეტუვაში გამოკითხული მოქალაქეების 34 პროცენტი ამბობს, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კაფეში საერთოდ არ ყოფილა და საზოგადოებრივი კვების არცერთ ობიექტს არ სტუმრებია. დანარჩენ გამოკითხულებში ასეთი სურათია: 39%-ის თქმით, კაფეებში ისეთივე სიხშირით დადის, როგორც ადრე, 22 პროცენტი აცხადებს, რომ კაფეებს, ადრინდელთან შედარებით, უფრო იშვიათად სტუმრობს, ხოლო 4% აღნიშნავს, რომ კაფეებში უფრო ხშირად დადის, ვიდრე ადრე.

„ეს გასათვალისწინებელი ინფორმაციაა და საზოგადოებრივი კვების სექტორში მომუშავეთათვის შეიცავს შემაშფოთებელ გზავნილს იმის თაობაზე, რომ სიტუაცია საკმაოდ რთულია“, - აცხადებს SEB Bankas-ის ეკონომისტი, ტადას პოვილიუსკასი.

„მომხმარებლის რაოდენობის შემცირება ასევე ანგარიშგასაწევი ფაქტორია რესტორნებში დღეს არსებული სიტუაციის ანალიზისთვის. ყველაფერი გაძვირდა, რესტორნებს უჭირთ, რადგან ფასები მაღალია“, - ამბობს ლიეტუვას სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის თავმჯდომარე, ევალდა შიშკაუსკენე.

ცოტა ხნის წინ, ლიეტუვას მთავრობამ დღგ-ს დაბალი განაკვეთი გააუქმა, რომელიც ქვეყანაში კოვიდპანდემიის შემდეგ მოქმედებდა. მას შემდეგ, საგადასახადო ცვლილებებით შექმნილი პრობლემებისა და საოპერაციო ხარჯების მკვეთრი ზრდის გამო, რამდენიმე რესტორანი დაიხურა.

შიშკაუსკენეს თქმით, საზოგადოებრივი კვების ობიექტები სირთულეებს არა მხოლოდ საგადასახადო ტვირთისა და პერსონალის ხელფასების ზრდის გამო, არამედ მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობის შემცირების გამოც განიცდიან.

„იმისთვის, რომ კვების ობიექტებმა თავი გადაირჩინონ, ფასები 20%-ით უფრო მაღალი უნდა იყოს, რადგან ამჟამინდელი რენტაბელობა თითქმის ნულის ტოლია, - თქვა მან, - ჩვენ გვშურს ისეთი ქვეყნების, როგორიც ესპანეთი ან იტალია, სადაც ტურიზმი სტაბილურია [...], რაც ბიზნესს დაგეგმვისა და მუშაობის საშუალებას აძლევს. აქ, ჩვენთან საქმე გაცილებით რთულად არის“.

მისივე განცხადებით, რესტორნებსა და კაფეებს გაკოტრების საფრთხე განსაკუთრებით პატარა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში ემუქრებათ.

„გულსატკენია, როდესაც ისინი იხურებიან, ამით რეგიონის სოციალურ ცხოვრებაში თითქოს ყველაფერი ჩერდება. არის რესტორნები, სადაც ადგილობრივები დღესასწაულების დროს დადიან და როდესაც ისინი იხურება, ცხოვრება უფერულდება. ეს ტენდენცია სულ უფრო თვალშისაცემი ხდება“, - დასძინა მან.

„Swedban“k-ის ფინანსური ხელმძღვანელის, იუსტინა ბაგდანავიჩიუტე ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, სახლის გარეთ ჭამისას, მომხმარებლებს უფრო მეტი ფული ეხარჯებათ.

„რესტორნებსა და კვების ობიექტებში გაწეული მთლიანი ხარჯები, გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 12%-ით გაიზარდა“, - განაცხადა ბაგდანავიჩიუტემ.

მისი ვარაუდით, ეს, შესაძლოა, ფასების საერთო ზრდამ განაპირობა.

„ამასთან, არიან ადამიანები, ვისთვისაც ფასების ზრდამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ისინი სულ უფრო ხშირად ამჯობინებენ საჭმლის სახლში მომზადებას“, - დასძინა ბაგდანავიჩიუტემ.

წყარო: 1 არხი