ევროპა უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა დასრულდეს ომი და უზრუნველყოს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
საუბრის დეტალების შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„მე მქონდა პროდუქტიული საუბარი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან. ევროპა უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა დასრულდეს ომი და უზრუნველყოს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები. უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებისგან განუყოფელია. ჩვენ შევაჯერეთ ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა, ერთობლივი ნაბიჯები და მზადება მომავალი კვირისთვის, რომელიც ძალიან აქტიური იქნება. დიდი ბრიტანეთი და მისი ხალხი უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამას“, – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ მოლაპარაკებაზე არც ზელენსკის მოწვევა ყოფილა პრიორიტეტული და მოლაპარაკებების მაგიდასთან არც ევროკავშირის წარმომადგენლების ყოფნის აუცილებლობაა.
"როცა [ვოლოდიმირ] ზელენსკიმ თქვა, რომ შეხვედრაზე არ მიმიწვიესო, ეს პრიორიტეტი არ ყოფილა, რადგან აქამდე იგი ისე ცუდად მართავდა მოლაპარაკებებს. ჯერ ერთი, ომი არ უნდა გქონოდა, და თუ გაქვს, მალევე უნდა მოგვარებულიყო და მომხდარიყო შეთანხმება," - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ის რადიოში.
ნებისმიერი კონფლიქტის დასასრულებლად დათმობაზე ყველა მხარე უნდა წავიდეს, – ასე ფიქრობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო. მისივე თქმით, ევროკავშირი რაღაც ეტაპზე უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგანაც მათ აქვთ დაწესებული სანქციები.