გამოცემა Politico-ს ევროკავშირის სამმა დიპლომატმა აცნობა, რომ ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის, სულ მცირე, €20 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტზე მუშაობენ, რათა უკრაინა გააძლიერონ იმ ნაბიჯების ფონზე, რაც აშშ-მ ბოლო პერიოდში გადადგა.

გამოცემის ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ევროპული პაკეტის რაოდენობა, რომელიც საბრძოლო მასალებს, მათ შორის, საარტილერიო ჭურვებს, რაკეტებს და ასევე ფინანსურ დახმარებასაც მოიცავს, 24 თებერვალს ბრიუსელში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე კონსულტაციების შედეგად, შესაძლოა, კვლავ გაიზარდოს.

აქამდე ამ კვირაში Politico წერდა, რომ პაკეტის სავარაუდო ღირებულება €6-€10 მილიარდი იყო, თუმცა ეს რაოდენობა მოლაპარაკებების პარალელურად შეიცვალა და შესაძლოა, კვლავ გაიზარდოს.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინისადმი შეიარაღების მიწოდების განახლებას კოორდინაციას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ესტონეთის ყოფილი პრემიერმინისტრი კაია კალასი უწევს და მისი მიზანია, გადაუსწროს იმ ვალდებულებებს, რომლებიც ევროპამ სამხედრო დახმარების გაწევის მხრივ უკრაინის მიმართ აქამდე აიღო.

დიპლომატებმა ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული დახმარება არა ევროკავშირის ოფიციალური პაკეტი, არამედ ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან გამოყოფილი დახმარებების ერთობლიობა იქნება, რადგან გარკვეული ქვეყნები, კერძოდ, უნგრეთი, ეწინააღმდეგება აღნიშნულ ნაბიჯს.

წყარო: ტაბულა