გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთი და ესტონეთი 24 თებერვალს უკრაინის მხარდაჭერის გაზრდის გზების განსახილველად ევროპის თავდაცვის მინისტრთა ვიდეოკონფერენციას მოაწყობენ. როგორც გამოცემა იუწყება, ვიდეოკონფერენციას ათობით ქვეყნის, მათ შორის ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის, მინისტრები და ასევე ევროკავშირისა და NATO-ს წარმომადგენლები დაესწრებიან.

უკრაინის მხარდასაჭერ ახალ ფინანსურ პაკეტზე სამსჯელოდ იკრიბებიან კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიც.  24 თებერვალს ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დიდ პაკეტს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა” ბრიუსელის დიპლომატიური წრეებიდან ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, 24 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი გააჟღერებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დიდი პაკეტის წინადადებას, რომელიც „მოიცავს უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და მათთვის საჭირო რაკეტებს”.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, კონკრეტული თანხები 24 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ დადგინდება, მაგრამ საუბარია მილიარდობით ევროზე.

„არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ უნგრეთმა უარი განაცხადოს უკრაინის სამხედრო დახმარების პროექტზე. ასევე შეიძლება სლოვაკეთიც მოიქცეს, თუმცა ბოლო დროს, ელჩების დონეზე შეხვედრებზე, სლოვაკები „სტრატეგიულ სიჩუმეს“ ინარჩუნებენ. ასევე არის ნეიტრალური ქვეყნები, როგორებიცაა ავსტრია და ირლანდია, რომლებმაც შეიძლება თავი შეიკავონ მონაწილეობისგან“, - განაცხადა წყარომ.

მან აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევაში უკრაინის დახმარების პაკეტი შეიქმნება არა „ევროკავშირის ქოლგის“ ქვეშ, არამედ როგორც „მსურველთა კოალიცია”, ერთიანი ფონდი, რომელშიც ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყანა შეძლებს სახსრებისა ან შეიარაღების ფორმით ნებაყოფლობითი წვლილის შეტანას.

წყარო: ipn.ge