ევროპის გზები, ხიდები და რკინიგზა, რუსეთთან ომის შემთხვევაში, ტანკების, ჯარებისა და სამხედრო მარაგების სწრაფი გადაადგილებისთვის შესაფერისი არ არის.
ამის შესახებ ევროკომისარმა ტრანსპორტისა და ტურიზმის საკითხებში, აპოსტოლოს ციციკოსტასმა „ფაინენშალ თაიმსთან“ გაკეთებულ კომენტარში განაცხადა.
მისი თქმით, თუ ნატო-ს ტანკები, რუსული ჯარების შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე განლაგდებიან, ისინი გვირაბებში გაიჭედებიან, ხიდების ჩამოშლას გამოიწვევენ და რთულ სასაზღვრო პროტოკოლებში გაიხლართებიან.
ევროკომისარი ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვის 17 მილიარდი ევროს დახარჯვის აუცილელობაზე საუბრობს, რაც სამხედრო მობილურობის გაუმჯობესებისთვის არის საჭირო.
„ჩვენ გვაქვს ძველი ხიდები, რომელთა განახლება აუცილებელია. ზოგი ხიდი ვიწროა და გაფართოებას საჭიროებს. არის ხიდები, რომლებიც ხელახლა უნდა აშენდეს“, - ამბობს ციციკოსტასი.
მისი თქმით, კონტინენტის დაცვა შეუძლებელი იქნება, თუ ევროპული არმიები სწრაფად გადაადგილებას ვერ მოახერხებენ.
„დღევანდელი რეალობა ის არის, რომ დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო აღჭურვილობისა და ჯარების ტრანსპორტირებას კვირები, ზოგ შემთხვევაში კი თვეები სჭირდება“, - განაცხადა ევროკომისარმა.
არსებული ინფრასტრუქტურის უმეტესობა ევროკავშირის მასშტაბით არმიების გადაადგილებაზე არ იყო გათვლილი. მაგალითად, ევროპის გზებზე მოძრავი სატვირთო მანქანები, როგორც წესი, 40 ტონამდე იწონის, ხოლო ტანკი 70 - ტონამდე.
ციციკოსტასი ამბობს, რომ ევროკავშირი ამჟამად მუშაობს სტრატეგიაზე, რომელიც, თავდასხმის შემთხვევაში, ჯარების გადაადგილებას „რამდენიმე საათში, მაქსიმუმ რამდენიმე დღეში“ გახდის შესაძლებელს. ამ მიზნით, დაგეგმილია ოთხი სამხედრო დერეფნის გასწვრივ 500 ინფრასტრუქტურული ობიექტის მოდერნიზება.
პროექტები, რომლებიც ნატო-სთან და ალიანსის სამხედრო სარდლობასთან თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა, უსაფრთხოების მიზნით, გასაიდუმლოებულია.
ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიუსელს ასევე სურს ბიუროკრატიის შემცირება, რათა, საზღვრების გადაკვეთისას, „ტანკები ქაღალდებში არ გაიჭედონ“.
მოსკოვთან უფრო დიდი დაპირისპირების საფრთხის ფონზე და ევროპაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის მოსალოდნელი შემცირების გათვალისწინებით, სტრატეგია, რომელსაც ციციკოსტასი ამ წლის ბოლოს წარადგენს, მოიაზრება, როგორც სამხედრო მზადყოფნის მსხვილმასშტაბიანი პროექტის ნაწილი.
ევროკომისრის თქმით, სამხედრო მობილობის გეგმა შეავსებს ნატო-ს ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებას თავდაცვის ხარჯების მიზნობრივი მაჩვენებლის მშპ-ს 5%-მდე გაზრდის შესახებ, საიდანაც 1.5% უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინფრასტრუქტურაზე უნდა დაიხარჯოს.
„ჩვენ აღარ შეგვიძლია დავუშვათ მოუმზადებლობა ან სხვაზე დამოკიდებულების მდგომარეობაში ყოფნა“, - აღნიშნა მან.
ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, რუსეთმა, შესაძლოა, ალიანსს მომდევნო 3-7 წელიწადში შეუტიოს, თუ ნატო თავდაცვის სფეროში ინვესტიციებს არ გაზრდის.
წყარო: 1 არხი