აშშ-ის შტატის, ტენესის ქალაქი მემფისი იქნება მორიგი ადგილი, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კრიმინალთან საბრძოლველად ეროვნული გვარდიის დანაყოფების გაგზავნას გეგმავს.
აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპის თქმით, მემფისის დემოკრატი მერი და შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორი მოხარული არიან ამ გადაწყვეტილების გამო.
მემფისში დანაშაულის დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აშშ-ის ქალაქებს შორის. გამოძიების ფედერალური ბიუროს სტატისტიკით, ქალაქში ყოველ 100 000 მოსახლეზე 2,501 ძალადობრივი დანაშაული ფიქსირდება.
თავის მხრივ, მემფისის მერმა პოლ იონგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას არ უთხოვია ეროვნული გვარდიის ქალაქში განთავსება.
„მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის დანაშაულის შემცირების გზა, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია“, – აღნიშნა მემფისის მერმა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში მემფისის მერმა პოლ იონგმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ქალაქის პოლიციის დეპარტამენტისთვის ფედერალური მხარდაჭერის მოსაზიდად. აგვისტოში დონალდ ტრამპმა ეროვნული გვარდიის დანაყოფები ვაშინგტონში განათავსა 30 დღის ვადით. აღნიშნული ვადა მიმდინარე კვირის დასაწყისში ამოიწურა, თუმცა ეროვნული გვარდიის წევრები ჯერ კიდევ რჩებიან ადგილზე. თეთრი სახლის ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში ასობით ადამიანი დააკავეს. დონალდ ტრამპმა ვაშინგტონი „ფაქტობრივად დანაშაულისგან თავისუფალ“ ქალაქად გამოაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სურს დანაშაულის დონის შემცირება ნიუ ორლენასში, ბალტიმორსა და ჩიკაგოში.