აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩიკაგოში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. შესაბამისი შინაარსის ჩანაწერი ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და თან დაურთო ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტო.
„მომწონს დეპორტაციების სურნელი ამ დილით. ჩიკაგოს მოუწევს, გაიგოს, რატომ გადაერქვა თავდაცვის დეპარტამენტს ომის დეპარტამენტი“, – წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტის ამ ჩანაწერს ჩიკაგოს მერისა და ილინოისის შტატში გუბერნატრის უკმაყოფილება მოჰყვა. გუბერნატორ ჯეი პრიცკერის თქმით, ამ გზავნილებით ტრამპი პოლიტიკური ოპონენტების დაშინებას ცდილობს.
„აშშ-ის პრეზიდენტი იმუქრება ამერიკულ ქალაქთან ომის დაწყებით. ეს ხუმრობა არაა. ეს არანორმალურია. დონალდ ტრამპი ძლიერი ადამიანი არაა, ის შეშინებულია. ილინოისი არ დანებდება დიქტატორი-თვითმარქვიას დაშინებას“, – წერს ჯეი პრიცკერი სოციალურ ქსელში.
ჩიკაგოში სამხედროების გაგზავნის წინააღმდეგია ქალაქის მოსახეობის ნაწილიც. მათ საპროტესტო აქცია გამართეს.
ცნობისთვის, მანამდე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სამხედროების გამოყენებით ოპერაციები ჩაატარა ლოს ანჯელესსა და ვაშინგტონში.