მსოფლიო ბანკი (WB) Business Ready-ის შეფასების პროექტს იწყებს, რათა ჩაანაცვლოს Doing Business-ის ყოველწლიური ანგარიში, რომელიც 2021 წლის სექტემბერში არასწორი ქმედებების გამო გაუქმდა. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაშია ნათქვამი.

„მსოფლიო ბანკმა დაიწყო ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის შეფასება 180 ქვეყანაში, როგორც მისი ფლაგმანი Business Ready პროექტის ნაწილი, რომელიც არის ახალი სტრატეგიის მთავარი ინსტრუმენტი კერძო ინვესტიციების, სამუშაო ადგილების შექმნისა და პროდუქტიულობის ხელშეწყობისთვის, რათა დაეხმაროს ქვეყნებს დააჩქარონ განვითარება ინკლუზიურად და მდგრადად. Business Ready აუმჯობესებს და ანაცვლებს Doing Business-ის წინა პროექტს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც ფინანსურ ინსტიტუტში განმარტეს, ახალი პროგრამა „ასახავს უფრო დაბალანსებულ და გამჭვირვალე მიდგომას ქვეყანაში ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის შესაფასებლად, იგი ჩამოყალიბდა ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე, როგორც მსოფლიო ბანკის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის მთავრობებში, კერძო სექტორსა და საჯარო ორგანიზაციებში.

გამოქვეყნების თარიღები

პირველი ყოველწლიური Business Ready ანგარიში 2024 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება. ახალი ანგარიში მოიცავს აზიის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ევროპისა და ლათინური ამერიკის 54 ქვეყანას. მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ დოკუმენტებში არ არის ნათქვამი, თუ რომელ ქვეყნებზე იქნება საუბარი.

Business Ready ყურადღებას გაამახვილებს 10 თემაზე: ბიზნესის დაწყება, ბიზნესის მასპინძლობა, კომუნალური მომსახურება, შრომა, ფინანსური მომსახურება, საერთაშორისო ვაჭრობა, გადასახადები, დავების გადაწყვეტა, ბაზრის კონკურენცია და ბიზნესის გაკოტრება. მომდევნო სამი წლის განმავლობაში პროექტი გაფართოვდება და მოიცავს დაახლოებით 180 ქვეყანას.

ახალი მეთოდოლოგია და ვალიდაცია

როგორც მსოფლიო ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, „გამჭვირვალობა იქნება მონაცემთა მთლიანობის გარანტიის ძირითადი ელემენტი“, შეიცვლება ინფორმაციის შეგროვების მეთოდოლოგია Doing Business-თან შედარებით. „პროექტის მიერ შეგროვებული ყველა ინფორმაცია - საბაზისო მონაცემები, ქულები, ასევე გამოთვლები, რომლებიც გამოიყენება ქულების მისაღებად - საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება პროექტის ვებსაიტზე. გარდა ამისა, ანგარიშებში წარმოდგენილი ყველა შედეგი შეიძლება იყოს რეპროდუცირებული მარტივი ინსტრუმენტების გამოყენებით.

bpn.ge