ჩინეთში დემოგრაფიული კრიზისისა და ქორწინების ხარჯის ზრდის გამო სულ უფრო მეტი ჩინელი მამაკაცი რუსეთს, უკრაინასა და სხვა სლავურ ქვეყნებს „ტრადიციული“ ცოლების საძებნელად მიმართავს.
ამის შესახებ The Times წერს.
ჩინელ ქალზე დაქორწინების წესის თანახმად, ის საქმროსგან „ცაილის,“ ანუ საქორწილო გამოსასყიდს უძრავი ქონების, ოქროსა და საჩუქრების სახით ელოდება. ეს ხარჯი მამაკაცებს ალტერნატივისკენ უბიძგებს. მაგალითად, ჩინეთის სოფლადაც კი “ცაილის” ღირებულება 500-600 ათასი იუანი, ანუ 70-80 ათასი დოლარია, რაც ქორწინებას მიუწვდომელს ხდის.
შედეგად ქვეყანაში ქორწინების სააგენტოების მთელი ინდუსტრია გაიზარდა, რომელიც ჩინელ მამაკაცებს სლავი პატარძლების შერჩევის სერვისს სთავაზობს. ჩინურ სოციალურ ქსელებში, როგორიც, მაგალითად, TikTok-ია, სააგენტოები აქტიურად არიან პოპულარიზებული, ხოლო მათ გარშემო მიზნობრივი ჯგუფები იქმნება, სადაც მონაწილეები ერთმანეთს რეკომენდაციებს უზიარებენ. ცენტრალური ნარატივი, რომელიც ამ წრეებში დომინირებს, არის მტკიცება, თითქოს რუსი და უკრაინელი ქალები კარგი და მორჩილი ცოლები არიან, ვისაც არც „ცაილი“ სჭირდება და რომლებიც ზედმეტად დიდ შემოსავალსაც არ ითხოვენ. ეს ნარატივი სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება.
ჩინელებისთვის ქალების მოსაძებნი ქორწინების სააგენტოები რუსეთშიც არსებობს, ხოლო ჩინელი მამაკაცები მზად არიან, ცოლების შერჩევისთვის მათ ფული გადაუხადონ. მაგალითად, რუსულ კომპანია „მეილიშკას“ ოფისები პეკინსა და სანქტ-პეტერბურგში აქვს გახსნილი, ხოლო მოსკოვში სააგენტოები, „ჩინელი ქმარი“ და „ჩინური გული“ მუშაობენ. ასევე, სააგენტო, „ოქროს ქორწინება“ პრიმორიეში ცოლების მოსაძებნად რომანტიკულ ტურებს 4 500 დოლარად აწყობს.
ჩინელებისთვის სლავური პატარძლების კიდევ ერთი მთავარი უპირატესობა ქალების დემოგრაფიული “პროფიციტია.“ კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში, ქალებთან შედარებით, 35 მილიონით მეტი მამაკაცია, რაც სამ ათწლეულს მოქმედი „ერთი შვილის“ პოლიტიკისა და ვაჟებისთვის უპირატესობის მინიჭების, ასევე, მდედრობითი სქესის შვილებზე მასობრივი აბორტების შედეგია. რუსეთში, პირიქით, მამაკაცთან შედარებით, დაახლოებით, 10 მილიონით მეტი ქალია. ეს ასიმეტრია ჩინეთში პატარძლებისთვის მზარდი კონკურენციის კონტექსტში შესაძლებლობად აღიქმება.
ცნობისთვის: 2020-იდან 2024 წლის ჩათვლით ჩინელ მამაკაცებსა და რუს ქალებს შორის 10 000-ზე მეტი ქორწინება დარეგისტრირდა.