ჩინეთმა 2008-2021 წლებში 22 განვითარებადი ქვეყნის დასახმარებლად 240 მლრდ დოლარი დახარჯა. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ბანკის, ჰარვარდის კენედის სკოლის, AidData-ს და კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მკვლევართა ანგარიშში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სესხების თითქმის 80% გაცემულია 2016-იდან 2021 წლამდე, ძირითადად საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე, მათ შორის არგენტინაზე, მონღოლეთსა და პაკისტანზე, ნათქვამია მოხსენებაში.

ჩინეთმა ასეულობით მილიარდი დოლარი გასცა განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მაგრამ დაკრედიტება შემცირდა 2016 წლიდან, რადგან ბევრმა პროექტმა ვერ მოიტანა მოსალოდნელი ფინანსური დივიდენდები.

„პეკინი საბოლოოდ ცდილობს გადაარჩინოს საკუთარი ბანკები. სწორედ ამიტომ ის ჩაერთო საერთაშორისო დაკრედიტების სარისკო ბიზნესში“, - ამბობს კარმენ რაინჰარტი, მსოფლიო ბანკის ყოფილი მთავარი ეკონომისტი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

ჩინეთის სახალხო ბანკის (PBOC) სვოპ ხაზმა შეადგინა 170 მილიარდი აშშ დოლარის დაფინანსება, მათ შორის სურინამში, შრი-ლანკასა და ეგვიპტეში.

კვლევა აკრიტიკებს ზოგიერთ ცენტრალურ ბანკს, რომლებიც შესაძლოა იყენებენ NBK სვოპ ხაზებს თავიანთი სავალუტო რეზერვების ხელოვნურად გასაბერად.

ბრედ პარკსის თქმით, რომელიც მოხსენების ერთ-ერთი ავტორი და AidData-ს დირექტორია, ჩინეთის ფინანსური დახმარება არის „გაუმჭვირვალე და არაკოორდინირებული“.

ჩინეთის მთავრობამ კრიტიკას იმით უპასუხა, რომ მისი უცხოური ინვესტიცია ხორციელდება ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპით.

ჩინეთი ვალის რესტრუქტურიზაციის მოლაპარაკებებს აწარმოებს ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ზამბია, განა და შრი-ლანკა. მან მოუწოდა მსოფლიო ბანკს და საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ასევე შესთავაზონ განვითარებად ქვეყნებს ვალების შემსუბუქება.

ჩინეთისგან ყველაზე მეტი სესხი არგენტინამ მიიღო 111,8 მილიარდი დოლარით, შემდეგ მოდის პაკისტანი 48,5 მილიარდი დოლარით და ეგვიპტე 15,6 მილიარდი დოლარით. ცხრა ქვეყანამ $1 მილიარდზე ნაკლები მიიღო.