ჩეხეთმა ხანდაზმულთა კვალიფიციური მოვლის პრობლემის გადაჭრის საკუთარი გზა იპოვა. თუ ჩეხ ხანდაზმულ ახლობელზე ოჯახის წევრი იზრუნებს და არ ჩააბარებენ მოხუცთა სახლში, სახელმწიფო მას ფიქსირებულ ხელფასს გადაუხდის. ასეთი კომპენსაციების გაცემა ჩეხეთში ნაშვილები ბავშვების მშობლებზეც კარგად აპრობირებული მეთოდია და კარგად მუშაობს.
შეიქმნება ამბულატორიული მოვლის სამსახური, რომელიც ავადმყოფ მოხუცებთან სახლში მივა.
ცნობისთვის, ჩეხეთში ზრუნვის საჭიროების მქონე ადამიანთა რიცხვი იზრდება, ქვეყნის ხარჯები ამ მიმართულებით ბოლო ათწლეულში ორჯერ და მეტად არის გაზრდილი.
შეგახსენებთ, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა მოსახლეობის დაბერების პრობლემას დიდი ხანია აწყდება. ხანდაზმული ადამიანების წილი მუდმივად იზრდება და ბევრ მათგანს კვალიფიციური მოვლა სჭირდებათ, რის გამოც მოხუცების დიდი ნაწილი მოხუცთა თავშესაფრებში ხვდებიან. იმის გამო, რომ მსოფლიოში ხანდაზმულთა რაოდენობა იზრდება, ასეთ დაწესებულებებს სამედიცინო პერსონალი აღარ ჰყოფნით.
სხვათა შორის, მუდმივი მოვლის საჭიროება არ არის ერთადერთი პრობლემა, რომლის წინაშეც დგანან ხანდაზმულები. ასაკის მატებასთან ერთად, ისინი ბუნებრივად კარგავენ სოციალურ კავშირებს და იტანჯებიან მარტოობით. სპეც.პროექტმა ხანდაზმულ პოლონელებს ფერმებში ცხოვრება შესთავაზა და გარკვეულწილად შეძლო მათი იზოლაციის დროებით შემსუბუქება.
ევროპის მრავალი ქვეყანა ხანდაზმულთა მარტოობის პრობლემას ეროვნულ დონეზე უმკლავდება. მაგალითად, შვედეთმა ცოტა ხნის წინ წამოიწყო ეროვნული გეგმა მარტოობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ მიზნით, საცხოვრებელ ადგილებში გაიხსნება უფასო კლუბები, ინტერესთა ჯგუფები და შეხვედრების ადგილები. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ყველამ, მათ შორის მათ, ვისაც ასაკისა და ჯანმრთელობის გამო შეზღუდული სოციალური წრე აქვს, ადვილად იპოვოს მეგობრები და თავიდან აიცილოს სოციალური იზოლაცია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მათ, ვისაც არ შეუძლია ფასიანი ღონისძიებების დასწრება.
სოციალური მუშაკები ინდივიდუალურად დაიწყებენ მუშაობას მათთან, ვინც მრავალი წლის განმავლობაში მარტო ცხოვრობდა. ისინი შესთავაზებენ მხარდაჭერას და დაეხმარებიან მათ აქტიურ სოციალურ ცხოვრებაში დაბრუნებაში.
გარდა ამისა, შვედეთს სურს აღმოფხვრას მარტოობის გარშემო არსებული სტიგმა, რათა ადამიანებმა თავი კომფორტულად იგრძნონ თავიანთ პრობლემებზე საუბრისა და დახმარების თხოვნისას. ამ მიზნით, დაიწყება საინფორმაციო კამპანია.
ამ სამუშაოში ჩაერთვებიან არა მხოლოდ სამთავრობო უწყებები, არამედ ბიზნესები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მეცნიერებიც კი. მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ არავინ დარჩეს მარტო თავის სირთულეებთან.
აღსანიშნავია, რომ შვედეთის მთავრობის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 5% თავს მარტოსულად გრძნობს, ხოლო ბავშვების 16% აღიარებს, რომ მეგობრები არ ჰყავს. მარტოობის გრძნობა განსაკუთრებით მწვავეა ახალგაზრდებში, ხანდაზმულებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში.