ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ჯანმრთელობის კრიზისი შორეული საფრთხე ან სეზონური ხასიათის ზიანი აღარაა. ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც რეალურ დროში ვითარდება.

ამის შესახებ ნათქვამია ღია წერილში, რომლითაც კლიმატისა და ჯანმრთელობის საკითხებში პანევროპულმა კომისიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 წევრი სახელმწიფოს მთავრობებსა და ჯანდაცვის ორგანოებს მიმართა. ამ წევრებს შორისაა საქართველოც.

წერილში ნათქვამია, რომ ევროპაში რეკორდულად მაღალი სიცხეები აღინიშნება, რომლებიც სულ უფრო 
ხშირი, ინტენსიური და ლეტალურია. ეს მოვლენები არა მხოლოდ ზიანის მომტანია - ისინი ჩუმი მკვლელები არიან. გარდაცვალების რეესტრში ისინი ხშირად აღნიშნულია როგორც ინსულტი, გულის შეტევა ან სუნთქვის უკმარისობა. თუმცა, ნამდვილი მიზეზი ნათელია.

წერილის თანახმად, განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან ხანდაზმული ადამიანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და არასათანადო საცხოვრებელში მცხოვრები ადამიანები. ასევე ორსული ქალები, მცირეწლოვანი ბავშვები და პირები, რომლებიც გარე სივრცეებში სახიფათოდ მაღალ ტემპერატურის დროს ასრულებენ სამუშაოს. ამ ყველაფერს გრძელვადიანი შედეგები აქვს: ისინი გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე და საარსებო წყაროებზე, აზიანებს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, აქვეითებს პროდუქტიულობას, აზიანებს მოსავალს, ზრდის კომუნალურ გადასახადებს და ტვირთად აწვება სასიცოცხლო ინფრასტრუქტურას.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 30%-ით გაიზარდა. 
2022 და 2023 წლებში ევროპის 35 ქვეყანაში 100,000-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი მომავალ წლებში გაიზრდება. წერილის თანახმადვე, 2025 წლის ივნისი დასავლეთ ევროპაში დაფიქსირებული ყველაზე ცხელი თვე იყო, ზაფხულამდე ორი ძლიერი თბური ტალღა დაფიქსირდა. კლიმატის ცვლილება ასევე ხელს უწყობს რეგიონში ოდესღაც იშვიათი დაავადებების გავრცელებას - 
ევროკავშირში/ევროპის ეკონომიკურ ზონაში დენგეს ვირუსის ადგილობრივად გავრცელების შემთხვევები  2022-დან 2024 წლამდე 368%-ით გაიზარდა.

გადატვირთული  ჯანდაცვის სისტემები

წერილის ამ ნაწილში აღნიშნულია, რომ მომატებული ტემპერატურა საავადმყოფოებს ტვირთად აწვება. სიცხის დროს გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში პაციენტების რაოდენობა იზრდება, განსაკუთრებით გულის, ფილტვებისა და თირკმლის დაავადებების მქონე პირების. ზიანდება ფსიქიკური ჯანმრთელობაც: ძილი უარესდება, შფოთვა ძლიერდება და კოგნიტური ფუნქცია ქვეითდება. ამასობაში, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს სითბური დარტყმისა და ჰოსპიტალიზაციის უფრო მაღალი რისკი ემუქრება, რადგან ზოგიერთი რეცეპტით გასაცემი მედიკამენტი ამცირებს ორგანიზმის ტემპერატურის რეგულირების უნარს. გარდა ამისა, ჯანდაცვის სპეციალისტები სითბური გამოფიტვისა და გადაწვის რისკის ქვეშ არიან, ხოლო სისტემა, რომლებზეც ისინი არიან დამოკიდებული - გაგრილებიდან დაწყებული ინფორმაციული ტექნოლოგიებით დამთავრებული - ზეწოლას განიცდის. 2022 წლის სითბური ტალღის დროს გაერთიანებულ სამეფოში, ლონდონის გაის და სენტ-ტომასის საავადმყოფოებმა მსგავსი კრიტიკული ინფრასტრუქტურული გაუმართაობა განიცადეს. ასეთი საფრთხეები იზოლირებული შემთხვევები არ არის და მათი რაოდენობა იზრდება.

ყოველივე ეს ხაზს უსვამს ჯანდაცვის სისტემის ყველა დონეზე და ყველა სექტორში გაუმჯობესებული მზადყოფნის აუცილებლობას. სიცხესთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმები გადაარჩენს სიცოცხლეს ადრეული ქმედების, ყველაზე მოწყვლადი ადამიანების დაცვისა და საავადმყოფოებზე ზეწოლის შემსუბუქების გზით. ამ გეგმების დაჩქარება პრიორიტეტი უნდა იყოს - არა რამდენიმე წელიწადში, არამედ ახლა.
 
ჯანმრთელობა, კლიმატი და ეკონომიკა

წერილში ჯანმო აცხადებს, რომ კლიმატური კრიზისი ჯანმრთელობის კრიზისია და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ქმედებები, შესაბამისად - ქმედება ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ევროპაში ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად 500,000-ზე მეტ ნაადრევ სიკვდილს იწვევს, რომელთაგან ბევრი წიაღისეული საწვავის წვას უკავშირდება.

კარგი ამბავი ის არის, რომ კლიმატის კრიზისთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ჯანმრთელობის დაცვისა და მისი ხელშეწყობის შესაძლებლობებს ქმნის. უპირველეს ყოვლისა, ემისიების შემცირება ნიშნავს სუფთა ჰაერს და სიკვდილიანობის შემცირებას - პოტენციურად შესაძლებელი იქნება მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი სიცოცხლის გადარჩენა ჰაერის დაბინძურების შემცირებით. ქალაქებში მწვანე სივრცეების ზრდა ამცირებს სითბოს ზემოქმედებას, აუმჯობესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ამცირებს კომუნალურ გადასახადებს და შთანთქავს ნახშირბადს. ურბანული გამწვანების 30%-ით ზრდამ შეიძლება სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 40%-მდე შეამციროს. ეს ყველაფერი ჯანმრთელობის, თანასწორობისა და ქვეყნების ეკონომიკის გამარჯვებაა.

ეს გადაწყვეტილებები არა მხოლოდ ეფექტური, არამედ ჭკვიანური ინვესტიციებიცაა. თუმცა მათი პოტენციალის სრულად გამოსავლენად, ჩვენ უნდა შევცვალოთ წარმატების განსაზღვრისა და გაზომვის წესი. ჩვენი ეკონომიკური სისტემები პრევენციაზე დაფუძნებული არ არის. ტრადიციული ინდიკატორები, როგორიცაა მთლიანი შიდა 
პროდუქტი, ვერ ზომავს ყველაზე მნიშვნელოვანს: ჯანმრთელი ადამიანებისა და ჯანსაღი ეკოსისტემების ღირებულებას. მთლიანი შიდა პროდუქტი შეიძლება გაიზარდოს, როდესაც საავადმყოფოები მკურნალობენ ხანძრის მსხვერპლებს, მაგრამ ის არ ასახავს მის ხარჯებს ან მათ მიერ გამოწვეულ ზიანს. ის ასევე არ ითვალისწინებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის სარგებელს.

„ჩვენ გვჭირდება წარმატების ახალი საზომები, რომლებიც ცენტრში დააყენებს ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, თანასწორობასა და მდგრადობას. ზოგიერთი ქვეყანა უკვე განსაზღვრავს წარმატებას ჯანმრთელობისა და კლიმატის ეკონომიკურ პოლიტიკაში გათვალისწინებით. სხვა ქვეყნებმაც უნდა აიღონ ეს მაგალითები, რადგან ჩვენ არ გვაქვს ჯანმრთელობის აუთსორსინგის უფლება - არც ჩვენი და არც პლანეტის. ორივე ფასდაუდებელია და ამჟამად - ორივე სასწორზეა.

კლიმატისა და ჯანმრთელობის პანევროპული კომისიის წევრები, ჩვენ ვალდებულნი ვართ - ინდივიდუალურად და ერთად - ვიბრძოლოთ ხელმისაწვდომი, პრაქტიკული და სამართლიანი გადაწყვეტილებების მისაღებად. მომდევნო თვეების განმავლობაში ჩვენ წარმოვადგენთ თამამი, მაგრამ მიღწევადი, სექტორთაშორისი რეკომენდაციების ერთობლიობას კლიმატის კრიზისის მოსაგვარებლად და ჯანმრთელობის დასაცავად. ნახევრად გადადგმული ნაბიჯების დრო აღარ დაგვრჩა. ეს არის არაჩვეულებრივი ქმედებების დრო,“ - ნათქვამია წერილში. 

წყარო: jandacva.ge