აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნა შესაძლოა, რუსულ საჰაერო თავდაცვის სისტემას გამოეწვია. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს. როგორც ანონიმური წყაროები აცხადებენ, რუსეთის ქალაქ გროზნოსთან მიახლოებისას, რომელიც ფრენის დანიშნულების ადგილი იყო, გადარჩენილმა მგზავრებმა გაიგეს აფეთქების ხმა, რასაც მოჰყვა თვითმფრინავის კორპუსის დაზიანება.
ამასთან, რუსი სამხედრო ბლოგერის თქმით, თვითმფრინავის კორპუსზე არსებული დაზიანება მიუთითებს, რომ ის შესაძლოა, შემთხვევით დაზიანდა საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის მიერ.
იმაზე, რომ თვითმფრინავი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის გამო ჩამოვარდა, აქტიურად საუბრობენ სოციალურ ქსელებშიც. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ თვითმფრინავს აქვს დაზიანებები, რომლებიც შესაძლოა, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსისგან იყოს გამოწვეული.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, საინტერესოა ისიც, რომ 25 დეკემბერს, დილით რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინული დრონებით შეტევას იგერიებდა ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე ნაწილში.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფას სამგზავრო ლაინერის 67 მგზავრიდან 32 გადაურჩა. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.
აზერბაიჯანული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე სულ 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი.
ავიალაინერი ბაქოდან ქალაქ გროზნოში მიფრინავდა, თუმცა კურსი შეიცვალა. ის აქთაუს აეროპორტიდან სამი კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, ბორტზე აზერბაიჯანის 37 მოქალაქე, რუსეთის 16 მოქალაქე, ასევე ყაზახეთის ექვსი და ყირგიზეთის სამი მოქალაქე იმყოფებოდნენ.