ყაზახეთის, ისრაელის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ავიაკომპანიებმა რუსეთის რიგ ქალაქებში რეისები შეაჩერეს. კომპანიებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 25 დეკემბერს AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. რეისი ბაქოდან გროზნოს მიმართულებით სრულდებოდა. თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების შედეგად ჩამოვარდა. რუსეთის მიმართულებით ან რუსეთიდან ჯამში 6-მა უცხოურმა ავიაკომპანიამ შეზღუდა ფრენები.

აზერბაიჯანის ავიახაზები

აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბაქოდან ფრენები შეჩერებულია რუსეთის ათ ქალაქში: გროზნო, მაჰაჩკალა, სოჭი, მინერალნიე-ვოდი, ვლადიკავკაზი, ნიჟნი ნოვგოროდი, სამარა, სარატოვი, უფა და ვოლგოგრადი. კომპანიის პრესსამსახურის განცხადებაში არ არის მითითებული რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვა, თუმცა აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულიქნა „რისკების გათვალისწინებით, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ფრენის უსაფრთხოების სფეროში“.

 

 

ყაზახეთის ავიახაზები

კომპანიაში განმარტავენ, რომ ასტანა-ეკატერინბურგის მიმართულებით ფრენები ერთი თვით, 28 დეკემბრიდან 27 იანვრის ჩათვლით შეჩერებულია. ფრენები ომსკსა და ნოვოსიბირსკში განხორციელდება, რადგან ისინი „აკმაყოფილებენ ავიაკომპანიის რისკის შეფასების კრიტერიუმებს“. „ეკატერინბურგის მიმართულებით ფრენების რისკის ხელახალი შეფასების შედეგების საფუძველზე განახლდება.“- განმარტავენ ყაზახეთის ავიახაზებში. გაუქმებული ფრენების მგზავრებს შეეძლებათ ბილეთის სრული ანაზღაურება და სხვა ავიაკომპანიებზე გადაჯავშნა.

 

 

თურქმენეთის ავიახაზები

აშხაბატი-მოსკოვი-აშხაბატის მიმართულებით ფრენები ერთი თვით შეჩერებულია. შეზღუდვები დაწესდა 2024 წლის 30 დეკემბრიდან 2025 წლის 31 იანვრამდე. გადაწყვეტილების კონკრეტულ მიზეზებს ავიაკომპანიაში არ განმარტავენ.

 

,,FlyDubai’’

თავდაპირველად ითქვა, რომ ფრენები სოჭიდან და მინერალნიე-ვოდიდან დუბაის მიმართულებით 28 დეკემბრიდან 5 იანვრამდე უქმდებოდა. რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის განცხადებით, კომპანიამ გადაწყვეტილება ფორსმაჟორითა და ფრენის უსაფრთხოებით ახსნა. მოგვიანებით FlyDubai-გამოაცხადა, რომ შეზღუდვების პერიოდი სოჭისთვის 2 იანვრამდე, ხოლო მინერალნიე ვოდისთვის 3 იანვრამდე შემცირდება.

 

 

,, El Al’’ (ისრაელის ეროვნული ავიაკომპანია)

კომპანიაში განაცხადეს, რომ თელავივიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენები მარტის ბოლომდე შეჩერებულია. გადაწყვეტილება "სიტუაციის ყოვლისმომცველი შეფასების" შემდეგ იქნა მიღებული.

 

 

"აზიმუტი" 

Azimuth Airlines-მა ფრენები სოჭიდან და მინერალნიე-ვოდიდან აზერბაიჯანის მიმართულებით შეაჩერა. მიზეზად „აზერბაიჯანის საავიაციო ხელისუფლების მიერ ფრენის ნებართვის გაუქმება“ დასახელდა.