ისრაელის ავიაკომპანია EL AL-მა უსაფრთხოების მოსაზრებით მოსკოვის მიმართულებით ფრენების შეჩერება 2025 წლის მარტის ბოლომდე გაახანგრძლივა.
თელ-ავივიდან მოსკოვისკენ ფრენები 26 დეკემბერს თავიდან ერთი კვირით გაუქმდა, აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის გამო, რომელიც, სავარაუდოდ, გამოიწვია რუსეთის არმიის საჰაერო თავდაცვის ცეცხლმა.
25 დეკემბერს ყაზახეთში, ქალაქ აქთაუს მახლობლად ჩამოვარდა AZAL-ის თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა.
ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის წევრები. დაიღუპა 38 ადამიანი.
აზერბაიჯანის მთავრობის წყაროებმა Euronews-სა და Reuters-ს განუცხადეს, რომ თვითმფრინავი დაზიანდა, სავარაუდოდ, რუსეთის საჰაერო თავდაცვის მიერ გროზნოს თავზე უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის მოგერიებისას. თვითმფრინავი წარმართეს ყაზახეთში, აქთაუში დასაფრენად. პილოტებმა შეძლეს კასპიის ზღვის თავზე გადაფრენა, მაგრამ დაშვების წინ თვითმფრინავი მიწაზე დაეცა.
28 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს დაურეკა და ბოდიში მოიხადა. ალიევმა თქვა, რომ რუსეთმა უნდა აღიაროს თავისი დანაშაული ავიაკატასტროფაში, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, მოსკოვმა კი კომპენსაცია უნდა გადაუხადოს ბაქოს, დაშავებულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს.
აზერბაიჯანის ავიახაზებმა ავიაკატასტროფის შემდეგ ფრენა შეაჩერეს რუსეთის 10 ქალაქში. ილჰამ ალიევის თქმით, გროზნოში ფრენები, სავარაუდოდ, არ განახლდება.
შეჩერებულია ყაზახეთის Qazaq Air-ის ფრენა ასტანიდან ეკატერინბურგში. ავიაკომპანია FlyDubai-მ შეაჩერა ფრენა სოჭისა და მინერალნიე ვოდის მიმართულებით. თურქმენეთის ავიახაზებმა 2025 წლის 31 იანვრამდე გააუქმა აშხაბად-მოსკოვის რეგულარული ფრენები.