პოპულარული სოციალური პლატფორმა TikTok-ის მფლობელი კომპანია ByteDance-ისთვის 2024 წელი შერეული შედეგების მომტანი აღმოჩნდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონმდებლობას, რომელიც ByteDance-ს მითითებულ ვადამდე TikTok-ის ამერიკული ოპერაციების გაყიდვას ავალდებულებდა – წინააღმდეგ შემთხვევაში კი აშშ-ში პლატფორმა უნდა აკრძალულიყო. თუმცა პრეზიდენტმა ტრამპმა აკრძალვის თარიღი ინაუგურაციის დღესვე გადაავადა.

შედეგად, აშშ-ში TikTok-ის პლატფორმა კვლავ აკრძალვის საფრთხის წინაშეა. ამის მიუხედავად, მისი მშობელი კომპანია აშშ-ის ფარგლებს გარეთ ზრდას განაგრძობს. გაერთიანებული სამეფოს კორპორაციული რეესტრისთვის, Companies House-ისთვის წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, TikTok-ის ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი გაერთიანებულ სამეფოში, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში 38%-ით გაიზარდა და $6.3 მილიარდს მიაღწია.

შემოსავლების ზრდის მიუხედავად, აღნიშნულ ბაზრებზე ჩინური კომპანია მოგებაზე არ გასულა, თუმცა ზარალი მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ 2023 წელს, გადასახადის გადახდებამდე მიღებულმა ზარალმა $1.47 მილიარდს მიაღწია, 2024 წელს ეს მაჩვენებელი $616 მილიონამდე შემცირდა. მოგებიანობისკენ სწრაფვის პარალელურად, აშშ-ის ფარგლებს გარეთ მისი ზრდის ტემპი შენელდა, თუმცა ის კვლავ 38%-ს შეადგენს. შედარებისთვის, 2023 წელს კომპანიის შემოსავალი 75%-ით გაიზარდა.

გლობალურად, ByteDance-მა გასულ წელს $155 მილიარდი გამოიმუშავა – ოდნავ ნაკლები, ვიდრე მისმა მთავარმა კონკურენტმა Meta-მ ($164.5 მილიარდი). თუმცა ByteDance-ის ზრდას ხელს იურიდიული დავებიც უშლის, ანტიმონოპოლიური რეგულაციებით დაწყებული, არასრულწლოვანთა მონაცემების ბოროტად გამოყენებით დასრულებული.  მაგალითისთვის, გასულ წელს მხოლოდ ევროპაში ჯარიმების დასაფარად კომპანიამ $1 მილიარდი გამოყო.

პარალელურად, ByteDance ხარჯებსაც ამცირებს. მან ევროპაში პერსონალი 6%-ით, 7,981 თანამშრომლამდე შეამცირა. ჩინურმა კომპანიამ თანამშრომლები აპრილის, მაისისა და ივლისის თვეშიც გაათავისუფლა, რაც TikTok-ის მიერ ხარჯების შემცირების უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია და ოპერაციებში  AI-ის ფართოდ დანერგვასაც ითვალისწინებს.

წყარო: forbes.ge