აშშ-მა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს ყველაზე მასშტაბური სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

იურიდიულ პირებს შორის სანქციების სიაში მოხვდნენ: „გაზპრომ ნეფტი“, „სურგუტნეფტეგაზი“ და მათი შვილობილი კომპანიები; რუსულ-სერბული ნავთობკომპანია „ნისი“, დაახლოებით 100 ხომალდი, რომლებიც მონაწილეობენ რუსული ნახშირწყალბადების ტრანსპორტირებაში და დაკავშირებულია „სოვკომფლოტთან“, „როსნეფტთან“ და „გაზპრომ ნეფტთან“. სანქციების სიაში ასევე მოხვდნენ მოსკოვის და ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, 30-ზე მეტი რუსული ნავთობმომსახურების კომპანია, კომპანია „ოლარული ლითიუმი“, „გაზპრომისა“ და „ნოვატეკის“ გაზის გათხევადების ქარხნები ლენინგრადის რეგიონში.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, ახალი ამერიკული სანქციები შეეხო: „როსატომის“ ხელმძღვანელ ალექსეი ლიხაჩევს; რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეებს, რომან მარშავინს და ედუარდ შერემეცევს, „ბაშნეფტის“ და „ზარუბეჟნეფტის“ ხელმძღვანელებს, ვლადიმერ ჩერნოვს და სერგეი კუდრიაშოვს; „გაზპრომ ნეფტის“ და „ლუკოილის“ ხელმძღვანელებს, ალექსანდრ დიუკოვს და ვადიმ ვორობიევს.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა შეცვალა სანქციების პოლიტიკა. შესაბამისად, ახლა შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ნებისმიერი პირის მიმართ, რომელიც მუშაობდა ან აგრძელებს მუშაობას რუსეთის ენერგეტიკულ სექტორთან.

1tv.ge