აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქცირებულ რუსულ ენერგეტიკულ გიგანტ Lukoil-ს დამატებით დრო მისცა ტრანზაქციების განსახორციელებლად, ოპერაციების შესაწყვეტად და აქტივების გასასხვისებლად.

OFAC-ის ინფორმაციით, აქტივების გასხვისების ბოლო ვადა 13 დეკემბრამდე გადაიწევს. ხოლო ბულგარეთისთვის საშეღავათო პერიოდი ამოქმედდება, რომლის ბოლო ვადად 2026 წლის 29 აპრილი განისაზღვრა.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, თუკი განსაზღვრულ პერიოდამდე Lukoil-ის აქტივების გასხვისება ვერ მოესწრება, მაშინ რუსულ კომპანიას უცხოეთში დარჩენილი აქტივების ოპერირების შეწყვეტა მოუწევს.

ცნობისთვის, „ლუკოილი“ აშშ-ის სანქციების ქვეშ 22 ოქტომბერს მოექცა. ნოემბერში კომპანიამ გამოაცხადა თავისი უცხოური აქტივების შვეიცარიელ ტრეიდერ „გუნვორისთვის“ შესაძლო გაყიდვის შესახებ, თუმცა აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ მოსკოვთან კავშირების მოტივით უარი თქვა საჭირო ლიცენზიის გაცემაზე.