არგენტინის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნის წარმომადგენლებს უბრძანა, ბაქოში მიმდინარე კლიმატის ცვლილების შესახებ გაერო-ს კონვენციის ხელმომწერ მხარეთა 29-ე კონფერენცია (COP29) დაეტოვებინათ და მოლაპარაკებებიდან გასულიყვნენ. ხავიერ მილეი კლიმატის ცვლილებას არა მხოლოდ უარყოფს, არამედ დარწმუნებულია, რომ გლობალური დათბობის შედეგების შერბილების ღონისძიებები გაერო-ს „პოლიტიზებული“ დღის წესრიგის ნაწილია.
არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროს ცნობით, პრეზიდენტ ხავიერ მილეის ბრძანებით, COP29-ში მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანის დედაქალაქში მყოფ სამუშაო ჯგუფს არგენტინაში დაბრუნება დაევალა.
წყარომ CNN-ს, ანონიმურობის პირობით, ასევე განუცხადა, შეჩერებულია კონფერენციის სხვა დელეგატების ვიზიტებიც, რომლებიც ბაქოში წასასვლელად ემზადებოდნენ.
არგენტინული გამოცემა La Nación-ის ცნობით, გარემოსდაცვითი სამდივნოს მიერ ბაქოში გაგზავნილი სამი ტექნიკური სპეციალისტი, კონფერენციის პირველი ორი დღის განმავლობაში, შეხვედრებში მონაწილეობდა, მაგრამ, როგორც სხვა დელეგატები აღნიშნავენ, „უკიდურესად თავშეკავებულად და დისკუსიებში ჩაბმის გარეშე“.
COP29-ის დამსწრე რეპორტიორების და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების თქმით, არგენტინის დელეგაცია ბაქოში „კომუნიკაციას გაურბოდა და კერძო საუბრებში არ მონაწილეობდა“.
მილეის თეორია: კლიმატოლოგები „ზარმაცი მემარცხენეები“ არიან
არგენტინის პრეზიდენტი ღიად ამბობს, რომ ანტიკლიმატურ პოზიციაზე დგას.
გასული წლის სექტემბერში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას, მილეიმ გაერო „იდეოლოგიური დღის წესრიგის თავზე მოხვევის“ მცდელობაში დაადანაშაულა და ორგანიზაციის მიერ 2030 წლამდე დაფინანსებული მდგრადი განვითარების დღის წესრიგისგან არგენტინის დისტანცირებას შეეცადა.
„ჩვენ ციკლის ბოლოში ვიმყოფებით. კოლექტივიზმი და კლიმატის შესახებ ცნობიერების ამაღლების მოძრაობის მორალური პრინციპები რეალობას შეეჯახა და პრობლემის გადაწყვეტის საიმედო გზებს ვერ გვთავაზობს“, - აღნიშნა მილეიმ გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას.
ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კამპანიის დროს, მან კლიმატოლოგები „ზარმაც სოციალისტებად“ მოიხსენია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პოლიტიკა, რომელიც კლიმატის ცვლილებას ადამიანის ქმედებებთან აკავშირებს, მცდარია“.
„ნებისმიერ გადაწყვეტილებას მხარს ნუ დაუჭერთ“
არგენტინული გაზეთის ინფორმაციით, ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის საელჩოს თანამშრომლები, როდესაც ისინი არგენტინულ მხარესთან „სამიტის კრიტერიუმების შეთანხმებას“ შეეცადნენ, გაკვირვებულნი დარჩნენ არგენტინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დიალოგისთვის თავის არიდებით მცდელობებით.
„ჩვენ არ ვიცით, რას დაუჭერენ ისინი მხარს“, - განაცხადეს ევროპული დელეგაციის წევრებმა.
თუმცა, უკვე მოსამზადებელ შეხვედრებზე არგენტინამ წერილობით გამოხატა პოზიცია, რომლის თანახმად, კონფერენციის მონაწილე ქვეყნების მიერ შემუშავებულ დოკუმენტებსა და სამოქმედო გეგმებზე კონსენსუსი არ არსებობდა.
„კლიმატის სისტემამ ყველა ქვეყანა ერთნაირად არ უნდა შებოჭოს წესებითა და ვალდებულებებით. ეს ეწინააღმდეგება ჩარჩო კონვენციისა და პარიზის შეთანხმების პრინციპებს“, - დაწერეს არგენტინის წარმომადგენლებმა.
თუმცა, გამოცემა „გლობოს“ მიერ ციტირებული დიპლომატიური წყარო, რომელიც კარგად ერკვევა არგენტინის სტრატეგიაში, ამბობს: „არგენტინამ უკან დაიხია, რათა მხარი არ დაეჭირა იმისთვის, რაზეც შეთანხმება უკვე არსებობდა“.
ბრაზილიის რეაქცია
ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური დასაბუთება COP29-ის მესამე დღეს არგენტინის დელეგაციის მუშაობის შეწყვეტის ბრძანების გაცემის შესახებ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მილეი დონალდ ტრამპს ამ საკითხში სოლიდარობას უცხადებს და ახლა, აშშ-ს პრეზიდენტად ტრამპის არჩევის შემდეგ, არსებობს გარკვეული შეშფოთება COP29-ზე კლიმატის შეთანხმების მომავალთან დაკავშირებით - თუნდაც თავისთავად ისედაც რთულ ამოცანასთან მიმართებაში, როგორიც არის გლობალური დათბობის 1,5ºC-ით შემცირება.
ტრამპმა, თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, შეერთებული შტატები პარიზის შეთანხმებიდან გაიყვანა და, შესაძლოა, ეს კიდევ ერთხელ გააკეთოს.
ამინდის ექსტრემალური მოვლენების ფონზე, რომელიც გავლენას ახდენს ბრაზილიასა და არგენტინაზე (მაგალითად, გვალვა), ბრაზილიის გარემოს დაცვის მინისტრმა მარინა სილვამ გააკეთა განცხადება, რომ „პარიზის შეთანხმების ვალდებულებების შესრულების ძალისხმევის ნებისმიერი შემცირება ნიშნავს კლიმატის ბალანსის წინააღმდეგ ბრძოლას, ისევე ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის, სასოფლო-სამეურნეო და ენერგეტიკული სისტემების დასუსტებას“.
„ამის შედეგად, გაუთვალისწინებელი და გამოუსწორებელი ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ზარალი ყველა შეეხება“, - დასძინა მან, როდესაც არგენტინის პოზიციის შესახებ შეიტყო.
კონფერენცია Cop29 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი