ანჯელინა ჯოლის ყოფილმა საინვესტიციო კომპანია Nouvel-მა მსახიობი ბრედ პიტი ღვინის კომპანია Chateau Miraval-ის „ძარცვაში“ დაადანაშაულა. განქორწინებამდე წყვილი ბიზნესს ერთად ფლობდა. ამის შესახებ CNN სასამართლო სარჩელზე დაყრდნობით წერს.

Nouvel მსახიობისგან მინიმუმ $350 მილიონის ანაზღაურებას ითხოვს. აღნიშნულია, რომ პიტმა ღვინის კომპანიის მილიონობით ქონება აუზის დასრულებაზე, ხმის ჩამწერი სტუდიის აღდგენასა და კიბეების 4-ჯერ შეკეთებაზე გაფლანგა.

სარჩელში ნათქვამია, რომ პიტმა „ჭირვეული ბავშვივით“ დაიწყო მოქცევა მას შემდეგ, რაც ჯოლიმ კომპანიაში თავისი წილი რუს მილიარდერ იური შეფლერს მიჰყიდა.

მსახიობს და მის ადვოკატებს სიტუაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. თუმცა, გამოცემის თანახმად, პიტთან დაახლოებულმა წყაროებმა პრეტენზიებს „აბსურდული“ უწოდეს და განაცხადეს, რომ ინვესტიციამ “ბიზნესს სარგებელს მოუტანა“, ხოლო ვენახში წარმოებული ვარდისფერი ღვინო ექსპერტების მიერ პროვანსში საუკეთესოდ არის აღიარებული.