Duquesne Capital-ის საინვესტიციო ფონდის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა სტენ დრუკენმილერმა რომლის ქონება 6,4 მილიარდ დოლარს აღემატება აშშ- ის ეკონომიკა შეაფასა, როგორც რეცესიის ზღვარზე მყოფი და მას „მძიმე ვარდნა“ უწინასწარმეტყველა - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
მისი თქმით, ეკონომიკის რეცესია შესაძლოა უკვე მიმდინარე კვარტალში იმაზე ადრე მოხდეს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.
ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ამაზე გავლენას მთელი რიგი ფაქტორები მოახდენს. მათ შორისაა საცალო გაყიდვების შემცირება და „შოკი, რომელმაც მოიცვა ქვეყნის რეგიონული ბანკები“.
ბიზნესმენის განმარტებით „მძიმე ვარდნა“ ნიშნავს უმუშევრობის მაღალ დონეს, კორპორაციული მოგების მინიმუმ 20%-ით ვარდნას და გაკოტრების მაჩვენებლის ზრდას.
ბოლო პერიოდში აშშ-ში რეცესიის რისკზე ბევრი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი საუბრობს, ისინი ამას ბანკების მარცხების სერიას უკავშირებენ.
რამდენიმე თვეში შეერთებულ შტატებში ოთხი დიდი ბანკი გაკოტრდა.
პირველი რესპუბლიკური ბანკი მაისის დასაწყისში აშშ-ს დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის (FDIC) გარე მენეჯმენტის ქვეშ მოექცა. მანამდე კი, Silvergate Capital Corp., Silicon Valley Bank და Signature Bank გაკოტრდნენ.
JPMorgan-ის ხელმძღვანელმა ჯეიმი დიმონმა აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ მსხვილი ბანკების წარუმატებლობამ შეერთებულ შტატებში რეცესიის შანსები გაზარდა.