გამოცემა New York Times წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ატომური ელექტროსადგურების შენების დამაჩქარებელი აღმასრულებელი განკარგულებების რამდენიმე სამუშაო ვერსიას განიხილავს.

გამოცემა ამას მათ მიერ მოპოვებულ ოთხ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.

NYT-ის თანახმად, დოკუმენტებში წერია, რომ აშშ ბირთვული ენერგიის გაფართოების თვალსაზრისით ჩინეთს ჩამორჩება და ახალი ატომური ელექტროსადგურების აშენების გასამარტივებლად ფედერალური უსაფრთხოების რეგულაციების "სრულმასშტაბიანი გადახედვისკენ" მოუწოდებს.

გამოცემა ასევე წერს, რომ განკარგულებათა სამუშაო ვერსიები 2050 წლამდე აშშ-ს ატომური ენერგიის წარმოების გაოთხმაგებას ისახავს მიზნად, კერძოდ, დაახლოებით 100 გიგავატის სიმძლავრიდან 400 გიგავატის სიმძლავრემდე.

"ამერიკის მხრიდან ბირთვული რეაქტორების ახალი დიზაინების დამზადების ტემპის დაკლების პარალელურად, 2017 წლიდან მსოფლიოს გარშემო აწყობილი ბირთვული რეაქტორების 87 პროცენტი რუსულ და ჩინურ დიზაინებს ეფუძნება. [...] ეს ტენდენციები არ უნდა გაგრძელდეს. სწრაფი და გადამწყვეტი ქმედება არის საჭირო, რათა ამერიკის ბირთვული რენესანსი დავიწყოთ". - წერია ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც NYT-მა მოიპოვა.

ოთხ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ განკარგულების პროექტები "სათათბირო" ვერსიებია და არა საბოლოო ვარიანტები. NYT-სთან საუბრისას ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ ამ დოკუმენტების გარდა სხვა ვერსიებიც არსებობს, თუმცა გაურკვეველია, გაიცემა თუ არა ასეთი განკარგულება და თუ გაიცემა, რომელი მათგანს დაეყრდნობა საბოლოო აღმასრულებელი ბრძანება.

როგორც გამოცემა წერს, ბოლო წლებში ბირთვული ენერგიის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის ზრდისა და მსხვილი ფირმების, მაგალითად, Google-ის, Microsoft-ისა და Amazon-ის მხრიდან ბირთვული ენერგიისადმი ინტერესის მიუხედავად, აშშ-ში ახალი ატომური ელექტროსადგურების შენება საკმაოდ რთულია.

1996 წლიდან დღემდე აშშ-ში მხოლოდ სამი ახალი ბირთვული რეაქტორი ამოქმედდა. NYT აღნიშნავს, რომ ეს ახლანდელი საპროექტო გეგმებით აშენებული ატომური ელექტროსადგურების შენახვის მაღალ ხარჯებს უკავშირდება. გამოცემა ასევე წერს, რომ რიგმა კომპანიებმა ახალი თაობის, უფრო მცირე ზომის ბირთვული რეაქტორების გეგმების დამზადება დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით არცერთი მათგანი არ აშენებულა.

NYT წერს, რომ აღმასრულებელი ბრძანებების სამუშაო ვერსიებიდან ერთ-ერთი ბირთვული რეაქტორების შენების ნელ ტემპს ბირთვული რეგულაციის კომისიას აბრალებს, რომელიც რეაქტორების უსაფრთხოებას მეთვალყურეობს და ახალ დიზაინებს ამტკიცებს. განკარგულების ეს პროექტი ფედერალურ სამსახურს ახალი რეაქტორების დიზაინების დამტკიცებისთვის 18-თვიან ვადას უწესებს და უბრძანებს, რომ რეგულაციების " სრულმასშტაბიანი გადახედვა" ჩაატაროს. ამასთან, სამუშაო დოკუმენტი სამსახურს რადიოაქტიური დასხივების უსაფრთხო დონის გადახედვისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ახლანდელი ზღვარი ზედმეტად მკაცრია და ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად საჭირო დონეს სცდება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ განკარგულების სხვა გეგმები სხვა შესაძლო ნაბიჯებსაც განიხილავს, მათ შორის, აშშ-ს შეიარაღებული ძალების მიერ ახალი რეაქტორების წარმოების დაფინანსებასა და ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ბაზების "თავდაცვისთვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურად" კლასიფიცირებას. NYT-ის თანახმად, ეს შესაძლებელს გახდიდა, რომ ისინი ენერგიის დეპარტამენტის ობიექტებით მომარაგდეს. ამგვარად ახალი რეაქტორების მშენებლები ბირთვული რეგულაციის კომისიისთვის თავის არიდებას შეძლებდნენ.

გარდა ამისა, NYT სხვა შესაძლებლობასაც უსვამს ხაზს - ერთ-ერთი დოკუმენტი ენერგეტიკის მინისტრს მიუთითებს, რომ აშშ-ში გამდიდრებული ურანისა და სხვა ბირთვული საწვავის მიწოდების არხების ხელახლა ასაშენებლად გეგმა შეიმუშავოს. ბოლო წლებში ასეთი ნივთიერებები აშშ-ში რუსეთიდან შედის.

ტრამპმა თავისი ვადის ერთ-ერთი პირველი აღმასრულებელი ბრძანებით ქვეყანაში საგანგებო ეროვნული ენერგეტიკული მდგომარეობა გამოაცხადა და თქვა, რომ აშშ-ს ელექტროენერგიის მიწოდება მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არ ჰყოფნიდა, განსაკუთრებით კი მონაცემთა ცენტრების, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის გამოიყენება. 

წყარო: tabula.ge