მეტეოროლოგების ცნობით, 2023 წლის 3 ივლისს ისტორიაში ყველაზე ცხელი ტემპერატურა დაფიქსირდა - მთელს პლანეტაზე საშუალო ტემპერატურამ ამ დღეს 7 წლის წინანდელი რეკორდი მოხსნა. 2016 წლის რეკორდი 16,92 გრადუს ცელსიუსს შეადგენდა, ამჯერად კი ტემპერატურამ 17,01 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.
მეცნიერები აზუსტებენ, რომ ახლა 3 ივლისი ყველაზე ცხელი 1979 წლის შემდეგ იყო, როდესაც ამინდის თანამგზავრული მონიტორინგი დაიწყო. მაგრამ ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს არის რეკორდი მთელი რიგი რეგულარული სამეცნიერო დაკვირვებების ისტორიაში, რომელიც XIX საუკუნის ბოლოდან ტარდება.
მეცნიერები თვლიან, რომ სათბურის გაზების ემისიების გამო კლიმატის ზოგადი ცვლილების ერთობლიობა და ელ-ნინიოს ბუნებრივი ფენომენის დაწყება ხელს უწყობს ახალი ტემპერატურის რეკორდების დამყარებას.
ცნობისათვის, ელ-ნინიო არის ძლიერი ბუნებრივი მოვლენა - წყლის ტემპერატურის პერიოდული მატება ეკვატორულ და სამხრეთ წყნარ ოკეანეში. ის გავლენას ახდენს კლიმატზე მთელს პლანეტაზე. ბოლო ელ-ნინიო 2016 წელს მოვიდა. ახლა კი, მეცნიერთა აზრით, ის ბრუნდება.
წლევანდელი ზაფხული რეკორდულად ცხელია ესპანეთსა და აზიის ქვეყნებში. ივნისში სიცხემ ჩინეთშიც შეაღწია: პეკინში ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად, ჰაერის ტემპერატურა 41 გრადუსამდე გაიზარდა.
„ის, რომ პლანეტის ზედაპირის საშუალო ტემპერატურამ პირველად მიაღწია 17 გრადუსს, ახალი ეტაპია მსოფლიოს დათბობის ისტორიაში“, - ამბობს მეტეოროლოგი ლეონ სიმონსი. „ახლა, როდესაც ელ-ნინიოს თბილი ფაზა იწყება, ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ ბევრ ახალ რეკორდულ დღეს და თვეს და რეკორდულ წლიურ ტემპერატურას მომდევნო წელიწადნახევარში“.
„შესაძლოა, წლევანდელი ივლისი გახდეს ყველაზე ცხელი თვე ისტორიაში“, - აცხადებს კარსტენ ჰაუსტეინი, ლაიფციგის უნივერსიტეტის მეცნიერი.