ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საქართველო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ერთ მლრდ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ აღნიშნულია სამთავრობო პროგრამაში, რომელიც პარლამენტს სამთავრობო გუნდთან ერთად წარედგინა.
მთავრობის პროგნოზით, შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში კერძო ინვესტიციების ოდენობა სასტუმროების სექტორში დაახლოებით ერთ მილიარდ ლარს გაუტოლდება.
„საქართველოსთვის ტურიზმის სექტორის გაძლიერება და ამ მიმართულებით ქვეყნის პოტენციალის ათვისება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში აქცენტი გაკეთდა ახალი ტურისტული ბაზრების ათვისებასა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მათ შორის, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების მიზნით. საქართველოს სასტუმროების ბაზარს შეემატება 310-ზე მეტი განთავსების ობიექტი, 34 700-ზე მეტი საწოლი ადგილით. შედეგად, 2 680-მდე გაიზრდება სასტუმროების რაოდენობა, ხოლო საწოლი ადგილების რაოდენობა – 142 700-მდე“, – აღნიშნულია სამთავრობო პროგრამაში.
მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს მთის კურორტების განვითარების მიზნით გაგრძელდება ზამთრის სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაცია მეტი შიდა და უცხოელი ტურისტის მოზიდვის კუთხით.
„განხორციელდება ახალი საბაგიროს მშენებლობა/მონტაჟი და მოეწყობა ახალი სასრიალო ტრასები გუდაურსა (დაახლოებით 8 კმ) და კურორტ გოდერძიზე (დაახლოებით 6 კმ). დამატებით, გუდაურში დამონტაჟდება 3 კმ-იანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა. გარდა ამისა, ახალი სასრიალო ტრასები მოეწყობა ბაკურიანში (3 კმ) და ჰაწვალის მთაზე (დაახლოებით 6 კმ). დაგეგმილია მასშტაბური პილიგრიმული პროექტის − „წმინდა ნინოს გზა“ − გზის ბილიკის განვითარება, რომლის მანძილი 600 კმ-ზე მეტია (ფოკადან ბოდბემდე), რომელიც 12 მუნიციპალიტეტს და 16 ეპარქიის ტერიტორიას მოიცავს. მთავრობის მიერ დაგეგმილი ქმედებების შედეგად 2028 წლისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6,4 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 11 მილიონამდე გაიზრდება“, – ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში.