2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებმა, 2,5 მლნ-მდე მგზავრს უმასპინძლეს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

კერძოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 566 251 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ს შეადგენს. ამასთან, აეროპორტი 2019 წლის პირველ ექვს თვეში დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს 84%-ით დაუბრუნდა.

პოზიტიური სურათია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სტატისტიკაშიც. გადაყვანილ იქნა 667 305 მგზავრი, ზრდა 2022 წლის ორი კვარტალის ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით 103%-ს შეადგენს.

ამასთან, იანვარ-ივნისში მიღებულ მგზავრთა მაჩვენებელი 2019 წლის პირველ ექვს თვეში მიღებული მგზავრების რაოდენობას 83%-ით აღემატება.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს რაც შეეხება, ის 236 444 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 9%-ია, ხოლო 2019 წლის პირველ ექვს თვესთან მიმართებით აღდგენა 96%-ს შეადგენს.

მგზავრთნაკადის ზრდის დადებითი დინამიკაა არამარტო საერთაშორისო, არამედ ქვეყნის ადგილობრივი დანიშნულების - მესტიის, ამბროლაურის და ნატახტარის აეროპორტებშიც.