საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი მზარდია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 5,5 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 14%-ით მეტია 2024 წლის 8 თვის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 44%-ით მეტი ვიდრე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარ-აგვისტოში 3 646 210 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში 3 904 125 მგზავრს, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში 4 936 641მგზავრს, ხოლო 2025 წლის იანვარ-აგვისტოში კი 5 635 975 მგზავრს.
2025 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 539 596 მგზავრს მოემსახურა, რაც 12%-ით მეტია, ვიდრე 2024 წლის იანვარ-აგვისტოში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა. 2024 წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 168 814 მგზავრს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 2 387 562 მგზავრს, ხოლო 2019 იანვარ-აგვისტოში კი 2 651 736 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ თუ 2025 წლის 8 თვის მაჩვენებლებს 2019 წლის 8 თვესთან შევადარებთ, მგზავრთნაკადი 33%-ითაა გაზრდილი. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა 48%-ის დონეზეა.
2019 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით მგზავრთნაკადის 89%-იანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 840 893 მგზავრი გაატარა, რაც 32%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 90%-ით მეტი 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2024 წლის 8 თვის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 637 511 მგზავრს, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში 443 505 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-აგვისტოში კი 444 252 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2025 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 130%-იანი ზრდა აჩვენა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 18%-იანი ზრდა
2019 წლის 8 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 537 826 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში 1 052 199 მგზავრს, 2024 წლის 8 თვეში 1 112 218 მგზავრს, ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 1 238 458 მგზავრს.