ჰოტელიერი, მაია მურაჩაშვილი ,,კომერსანტთან’’ საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენების პარალელურად, რუსეთიდან გუდაურში ჯავშნები შეწყდა. მისი თქმით, რუსი ტურისტების მხრიდან ზამთრის კურორტზე დასვენების მოთხოვნა ინტენსიური იყო, თუმცა ახლა საერთოდ აღარ არის.

,,ამ ბოლო დროს, რაც ეს ამბები ხდება დავაკვირდი, რომ მთლიანად შეწყდა რუსეთიდან ჯავშნების მიღება. უფრო ინტენსიური იყო. ამას ვაკვირდები და ცოტა გამიკვირდა სიმართლე გითხრათ. უკურეაქცია მოყვა ანუ მთლიანად შეჩერდა რუსეთიდან ჯავშნები.’’- აცხადება მაია მურაჩაშვილი.

გუდაურში ამ სეზონზე ჯავშნებმა იკლო, თუმცა ტურისტები აღმოსავლეთ ევროპიდან, ასევე ისრაელიდან და გალფის ქვეყნებიდან აქტიურობენ. სიახლე ის, რომ გალფის ქვეყნებიდან ვიზიტორები უფრო დიდხანს რჩებიან კურორტზე.

,,ძირითადად ჯავშნიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. არის ჯავშნები ავსტრიიდანაც და დასავლეთ ევროპიდანაც. აქტიურად ჯავშნიან ისრაელიდან და აბუ-დაბიდან. ასევე, აქტიურობენ გალფის ქვეყნები. ესეც სიახლეა, რომ უფრო ხანგრძლივ ჯავშნებს აკეთებენ. აქამდე 1-2 ღამეს ითხოვდნენ. ახლა უკვე სასრიალო ტურიზმი მათ კულტურაში შევიდა და დარჩენის დღეები გახანგრძლივდა.’’- აცხადებს მაია მურაჩაშვილი.